წელს ძალიან საყურადღებოა გრიპის პრევენციის ღონისძიებების დროული დაწყება - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, რესპირატორული ვირუსების სეზონის მოახლოებასთან ერთად, რისკის მქონე ჯგუფებისთვის კვლავ ძალაში რჩება რეკომენდაცია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით.

„რესპირატორული ვირუსების სეზონი როცა იწყება, ამისთვის მზადება არის – გრიპის ვაქცინაცია, როგორც გასულ წელს, წელსაც აუცილებლად ჩატარდება. საინტერესო ამბავი იყო ის, რომ გასულ წელს ჩვენ ველოდით გრიპის ეპიდემიას, თუმცა, როგორც ჩანს, პირბადე და სოციალური დისტანცირება, ისევე ებრძვის გრიპს, როგორც ნებისმიერ სხვა მსგავსი ტიპის ვირუსს. ასე რომ, შარშან ჩვენთვის ეს პრობლემა ნამდვილად არ დასმულა. თუმცა წელს გარკვეულწილად შეიცვალა სიტუაცია, დელტა შტამს განსხვავებული ქცევა ახასიათებს და, რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებოა გრიპის პრევენციის ღონისძიებების დროული დაწყება.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აუცილებელია იმ ჯგუფებში, რომლებსაც აქვს მაღალი რისკი, განსაკუთრებით ორსულებში, დიაბეტის მქონე პირებში, დიალიზზე მყოფ პაციენტებში და ასევე ყველა იმ პირებში, რომლებსაც აქვთ გარკვეულწილად მაღალი რისკი გართულებების განვითარების გრიპის შემდეგ, ეს ჯგუფები, ბუნებრივია, შენარჩუნდება და რეკომენდაციაც არის ისევ და ისევ ის, რომ აუცილებლად ამ სიტუაციაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გრიპის საწინააღმდეგო პრევენცია, ვიდრე სხვა სიტუაციაში იქნებოდა. რაც შეეხება პირბადეს და სოციალურ დისტანციას, ეს არის უნივერსალური ზომები, რაც გვეხმარება იმაში, რომ ინფიცირების გავრცელება არ მოხდეს“, – განაცხადა გაბუნიამ.