წელს საახალწლო ღონისძიებები რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება

პუბლიკა

წლევანდელი საახალწლო ღონისძიებები რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.

შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საახალწლო ღონისძიებებში თბილისის მერია 8 280 000 ლარს დახარჯავს.

მერიის მიხედვით,  2025 წლის 12 დეკემბრიდან 2026 წლის 14 იანვრის ჩათვლით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია „საახალწლო ქალაქის“ მოწყობას, მრავალფეროვანი გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების გამართვას გეგმავს.

  • „საახალწლო ქალაქი“ 2025 წლის 12 დეკემბერს ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ცერემონიით გაიხსნება.
  • თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება მრავალფეროვანი თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები, ფოტოზონები, დეკორირებული ჯიხურები და დახლები, თაღები, დეკორირებული ნაძვის ხეები, საციგურაო ყინულის მოედანი შესაბამისი დეკორაციით, ქუჩების და ფასადების თემატური მორთულობები, საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეები, თოვლის ბაბუას (სანტას სახლი) და სახელოსნო.
  • გაიმართება საახალწლო სოფლის გახსნის ღონისძიება, სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, ელექტრონული ლაივ შოუები, თეატრალური წარმოდგენა-პერფორმანსები.
  • მოეწყობა მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და საბავშვო-გასართობი აქტივობები, ღია კინოთეატრი, ზღაპრის გმირების მსვლელობა, ღონისძიებაზე მისულ დამთვალიერებლებს დახვდებათ თოვლის ბაბუა (სანტა) დამხმარე მსახიობებთან ერთად. მოეწყობა კვების და საგამოფენო სივრცეები, გასტრონომიული ზონები, ,,საშობაო ბაზარი“ და ,,ტკბილეულის ფესტივალი“.
  • საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში 2025 წლის 31 დეკემბერს, გრანდიოზული საახალწლო გალა კონცერტი გაიმართება.

შარშან რუსთაველზე მიმდინარე პროტესტის ფონზე თბილისის მერიამ ნაძვის ხე დადგა. კონსტრუქციის გამართვის დროს პარლამენტთან კრიმინალური პოლიცია და პატრული იყო მობილიზებული. ღონისძიებისთვის მომზადდა სცენაც.

ნაძვის ხის ანთების ცერემონია 14 დეკემბერს დაიგეგმა, თუმცა იმ საღამოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში გამართულ ბრიფინგზე კალაძემ განაცხადა, რომ ღონისძიება აღარ გაიმართებოდა. მერიამ ნაძვის ხე 16 დეკემბერს ღონისძიების გარეშე აანთო.