წელს შეუძლებელი ხდება „ლიტერას“ ჩატარება - მწერალთა სახლი

პუბლიკა

მწერალთა სახლი ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, შეუძლებელი ხდება ლიტერატურული კონკურსის, „ლიტერას“ გამართვა.

მწერალთა სახლში ამბობენ, რომ ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2015 წელს  მწერალთა სახლის ინიცირებითა და კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა. პრემია ყოველწლიურია და 6 ნომინაციაში გაიცემა.

„წელს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის N00007864 (03.06.2021) ბრძანებით, შეიცვალა ჟიურის დაკომპლექტების წესი: სამინისტროს მიერ დაფინანსებული ნებისმიერი კონკურსის  ჟიურის შემადგენლობაში ერთი წევრი სამინისტროს წარმომადგენელი უნდა იყოს. შესაბამისად, „ლიტერას“ ჟიურიში, რომლის ხუთივე წევრსაც აქამდე მწერალთა სახლი ირჩევდა და სამინისტროს წარუდგენდა შესათანხმებლად, წელს პირველად  ერთი წევრი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შეარჩია.

მწერალთა სახლი ბრძანების გაცნობისთანავე ეცადა სამინისტროსთან დიალოგსა და კომუნიკაციას განხორციელებული ცვლილების გადახედვის თაობაზე, რასაც სამინისტროს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მწერალთა სახლმა, პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, ჟიურის შემადგენლობა გაასაჯაროვა.

ჟიურის დაკომპლექტების წესის ცვლილებას ლიტერატორთა პროტესტი მოჰყვა. საზოგადოებამ სამინისტროს გადაწყვეტილება შემოქმედებით საქმიანობაში ჩარევად შეაფასა. შესაბამისად, მწერლებისა და გამომცემლების დიდმა ნაწილმა უარი თქვა კონკურსში მონაწილეობაზე და უკან გაითხოვა საკონკურსოდ წარმოდგენილი განაცხადები. მუშაობაზე უარი თქვა   მწერალთა სახლის მიერ შერჩეულმა ჟიურის ოთხმა წევრმაც. საკონკურსოდ წარმოდგენილი 110 წიგნიდან, გამომცემლობებისა და ავტორების პირადი განცხადებების საფუძველზე, კონკურსიდან დღეისთვის მოხსნილია 92  წიგნი“, – ნათქვამია განცხადებაში.

მწერალთა სახლი იმედს იტოვებს, რომ სამინისტროსა და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლებთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილავს არსებულ ვითარებას და საუკეთესო გამოსავალს გამონახავს მომავალი წლისთვის.