წელს უკრაინის და ევროკავშირის დროშები მაინც ჩამოხსნეს, ესეც დასაფასებელია - მორგოშია

პუბლიკა

პრორუსული და ძალადობრივი პარტია „ალტ-ინფოს“ ლიდერი, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების თანორგანიზატორი კონსტანტინე მორგოშია აცხადებს, რომ დასაფასებელია 26 მაისის ღონისძიებაზე წელს მაინც „ჩამოსხნეს ევროკავშირისა და უკრაინის დროშები“.

„რეალური დამოუკიდებლობა ჯერ ისევ შორსაა!!! მაგრამ წელს უკრაინის და ევროკავშირის დროშები მაინც ჩამოხსნეს და ესეც დასაფასებელია!!! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!!! დიდება უფალს!!! გაუმარჯოს საქართველოს!!!“, – აცხადებს მორგოშია.


გუშინ, 24 მაისს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო, რომელშიც ჩანს, რომ შარშან პარლამენტის ფასადი ევროკავშირის დროშის ფერებშიც იყო გაფორმებული, წელს კი მხოლოდ ეროვნული სიმბოლიკაა. მოქალაქეთა ნაწილმა ეს ხელისუფლების მხრიდან დასავლეთისგან დისტანცირების ერთ-ერთ ნიმუშად აღიქვა.

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, გაფორმება ყოველწლიურად იცვლება თემისა და სლოგანის მიხედვით, სწორედ ამ მიზეზით არ გაფორმებულა პარლამენტი წელს ევროკავშირის დროშით.

„არ ვიცი, რატომ გაღიზიანდნენ ასე საქართველოს სიმბოლიკით საქართველოს დღესთან დაკავშირებით“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი წელს პარლამენტის საზეიმო გაფორმებიდან ევროკავშირის სიმბოლიკის ამოღების შესახებ მოქალაქეთა კომენტარებს.