შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე განცხადებას ავრცელებს და ეროვნული გამოცდების ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას ეხმაურება. გორგოძის განცხადებით, 2020 წელს უმაღლეს დაწესებულებებში სწავლას 29 614 აბიტურიენტი გააგრძელებს.
„სახელმწიფო გრანტი 6550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა, ამათგან 100%-იანი დაფინანსება მიიღო 1000-ზე მეტმა, 70%-იანი დაფინანსება – 1500-მდე, 50%-იანი გრანტი კი 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა დაიმსახურა“, – წერია განცხადებაში.
NAEC-ის დირექტორის განცხადებით, წინა წელს თუ შევადარებთ, შარშან სტუდენტი გახდა რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 71%, წელს კი – 75%. გორგოძის თქმით, ამ თვალსაზრისით წელს უკეთესი მდგომარეობაა.
გორგოძის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს წელი გამოცდა იყო თავად ცენტრისთვისაც, რადგანაც მას უპრეცენდენტოდ რთულ ვითარებაში მოუწია სხვადასხვა გამოცდის ჩატარება დაახლოებით 70.000 ადამიანისათვის.
„მათ კი, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძლეს წელს ამ არც თუ ისე მარტივ პერიოდში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა, ვთხოვ არ დაკარგონ მოტივაცია – უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მომავალშიც ექნებათ.“ – ამბობს გორგოძე.