შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეთა აპელაციის შედეგები უკვე გამოქვეყნდა.
მისი თქმით, წელს ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა, ყველაზე ნაკლებმა კი, ფრანგული ენის გამოცდის შედეგი.
მან ასევე აღნიშნა, რომ 2023 წელს 128 440 ნაშრომიდან გასაჩივრდა 4 292, რაც აბიტურიენტების ნაშრომების საერთო რაოდენობის მხოლოდ 3,34%-ია.
გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით ასეთია:
- ქართული ენა და ლიტერატურა – 1588;
- ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე) – 37;
- ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე) – 41;
- ინგლისური ენა – 754;
- რუსული ენა – 15;
- გერმანული ენა – 19;
- ფრანგული ენა – 2;
- მათემატიკა – 510;
- ისტორია – 796;
- გეოგრაფია – 29;
- ბიოლოგია – 228;
- ქიმია – 60;
- ფიზიკა – 40;
- ლიტერატურა – 52;
- ხელოვნება – 7;
- სამოქალაქო განათლება – 114.
ცენტრის ცნობით, შეფასება შეიცვალა სულ 1498 ნაშრომის შემთხვევაში, რაც მთელი ნაშრომების მხოლოდ 1.17%-ია. ქულა მოემატა 1473 ნაშრომს, ხოლო ქულის დაკლება მოხდა 25 ნაშრომის შემთხვევაში.
სოფიო გორგოძის თქმით, აბიტურიენტებმა აუცილებელია, გაითვალისწინონ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 30 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.