წელსაც მოხდება რთველის სუბსიდირება, 1კგ თეთრი ყურძენი, მინიმუმ, 90 თეთრი ეღირება - პრემიერი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველის სუბსიდირება მიმდინარე წელსაც მოხდება.

ღარიბაშვილის თქმით, 1კგ თეთრი ყურძნის ღირებულება, სულ მცირე, 90 თეთრი იქნება და  არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.

„რაც შეეხება რთველს და წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, ჩვენ, ბუნებრივია, ამის თაობაზე ვიმსჯელეთ, გვქონდა შეკრება და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რა თქმა უნდა, წელსაც მოვახსდენთ სუბსიდირებას. 1კგ თეთრი ყურძნის ფასი იქნება მინიმუმ 90 თეთრი. არც ერთი კგ ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. სახელმწიფო მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს ჩვენს მევენახეებს. პროცესში ჩაერთვება 300-მდე ღვინის კომპანია. ჩვენ მათთან უკვე გვქონდა კარგი შეხვედრები, სრული კოორდინაცია გვაქვს. შექმნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უკვე მუშაობს და წელს, რეკორდულ მოსავალს ველოდებით, დაახლობით 300 000 ტონა მოსავალს. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი და სწორედ ყველა ამ გამოწვევისა და ფაქტორის გათვალისწინებით წელსაც, რა თქმა უნდა, გაგრძლედება სუბსიდირება.“

მისივე თქმით, სახელმწიფო მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს მევენახეებს. პროცესში ჩაერთვება 300-მდე ღვინის კომპანია.

„მთავრობას სუბსიდირება ჯამურად დაუჯდება დაახლოებით 150 მლნ ლარი. ვინაიდან ეს არის სტრატეგიული დარგი, ჩვენი ქვეყანა არის მეღვინეობის აკვანი და ზოგადად, დადასტურებულია, რომ ჩვენგან დაიწყო მეღვინეობა, სწორედაც ამიტომ, სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია სწორი ჩარევა და სწორი დახმარება ჩვენი მევენახეებისთვის“. – განაცხადა ღარიბაშვილმა.