წერეთელი: პრაიმერიზი აღმოჩნდა განხეთქილების ის მოვლენა, რომელმაც პარტიაში არსებული უთანხმოებები გააღრმავა

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა „ტვ პირველის“ ეთერში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლებმაც პარტიაში დაპირისპირება გამოიწვია.

მისი თქმით, „პრაიმერიზი აღმოჩნდა განხეთქილების ის მოვლენა, რომელმაც პარტიაში არსებული უთანხმოებები გააღრმავა”. როგორც წერეთელი ამბობს, სამწუხაროა, როდესაც ასე ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, როცა პარტიას შიდა ერთიანობა სჭირდებოდა და მთავარი ორიენტირი ხელისუფლების დამარცხება უნდა ყოფილიყო.

გიგი წერეთლის თქმით, საუბარი იმაზე, თითქოს რაღაც პრინციპები დაირღვა და რამე არასწორად მოხდა, „ზედმეტია“.

„პრაიმერიზი აღმოჩნდა განხეთქილების ის მოვლენა, რომელმაც შესაძლოა გააღრმავა, პარტიაში არსებული უთანხმოებები…

პრაიმერიზის კენჭის ყრის წინა საღამოს, სიის პირველი ნომრის, პარტიის თავმჯდომარის მხრიდან გავრცელება გზავნილის, მეორე სიის მხარდასაჭერად, იყო უცნაური, რომელმაც ნეგატიური ეფექტი გამოიწვია ლიდერებში, მხარდამჭერებსა და რეგიონებში.

გაჩნდა პოლიტიკური დაბნეულობა და ამან შექმნა დიდი უხერხულობა, რასაც მოჰყვა გარკვეული დაპირისპირება. თუმცა მანამდე იყო ასევე ამომრჩეველთა დარეგისტრირებაზე გაუგებრობა და შეიქმნა კონფლიქტი, კონკრეტულ საკითხზე, მაგალითად, კონკრეტული ამომრჩეველი ყოფილიყო სიაში თუ არა.

ამაზე შეიქმნა კონფლიქტი, გავიტანეთ პოლიტსაბჭოზე, სადაც მიღებული იქნა იმგვარი გადაწყვეტილება, რომელიც არ მოეწონა თავმჯდომარეს და გადაწყდა ყრილობის დანიშვნა, რომელზეც გადაწყდებოდა ლიდერის და თავმჯდომარის, ასევე, ბევრი სხვა საკითხიც, რომელიც ამტკიცებს სიას.

სწორედ ამან გამოიწვია გარკვეული კასკადი მოვლენების, იმიტომ, რომ ყრილობა დემოკრატიული ამბავია პარტიაში. ამ საკითხზე იყო ყველაზე მეტი დაძაბულობა, რამაც გამოიწვია ნდობის დაკარგვა და ერთმანეთთან დაპირისპირება, საბოლოოდ კი დადგა ეს შედეგი, რომელიც მე არ მომწონს, მაგრამ პატივს ვცემ“, – განაცხადა წერეთელმა.

მისივე თქმით, პრაიმერიზის შედეგი დასრულდა მათი სიის გამარჯვებით და თუ ვინმეს ეს არ მოეწონა, მათი საქმეა.

„პრაიმერიზი დასრულდა ჩვენი სიის გამარჯვებით, თუ ვინმეს ეს არ მოეწონა, მათი საქმეა. თუმცა საუბარი იმაზე, რომ რაღაც პრინციპები დაირღვა და არასწორად მოხდა, არის ზედმეტი. დაირღვა ისეთი პრინციპები, რაც დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. მათ დაასაბუთეს თავიანთი გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ მადლობა იმისთვის, რაც მათ გააკეთეს“, – აღნიშნა წერეთელმა.


გუშინ, 1-ელ აგვისტოს, გიგა ბოკერიამ და თამარა ჩერგოლეიშვილმა ევროპული საქართველო დატოვეს.

ბოკერიას თქმით, პარტიის შიდა პრაიმერიზმა გუნდში დაპირისპირება გამოიწვია და პარტიის ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა როგორც პრაიმერიზის შედეგები, ისე მისი, როგორც თავმჯდომარის პოზიცია პრაიმერიზში მონაწილე გუნდებთან დაკავშირებით.

„ევროპული საქართველოს” პრაიმერიზი 28 ივლისს ჩატარდა. დელეგატებს შეეძლოთ ორ სიას შორის გაეკეთებინათ არჩევანი.

აკაკი ბობოხიძე და გიგი წერეთელი მხარს უჭერდნენ პირველ სიას, რომელსაც სათავეში გიგა ბოკერია ედგა, მეორე ნომერი წერეთელი იყო, ჩერგოლეიშვილი მესამე და ბობოხიძე – მეოთხე.

მეორე სიის სათავეში თამარ ჩერგოლეიშვილი იყო, მეორე ნომრად კი გიგა ბოკერია ეწერა. მასში საერთოდ არ ყოფილან ბობოხიძე და წერეთელი. ამ სიას დაუჭირა მხარი გიგა ბოკერიამაც.

28 ივლისს ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, რომელშიც პარტიის 1900-მდე დელეგატმა მისცა ხმა, 55%-ით გაიმარჯვა პირველმა სიამ, ხოლო მეორე სიამ, შესაბამისად, დელეგატების 45%-ის ხმა მიიღო.