თბილისში, წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების თხრილში მოქალაქე ჩავარდა.
თავდაპირველად ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, მოგვიანებით კი ინფორმაცია „პუბლიკას“ თბილისის მერიაშიც დაუდასტურეს. მერიის ინფორმაციით, მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „პუბლიკა” დამატებით ცდილობს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციის გადამოწმებას.
მომხდარის შესახებ კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა, კახა კალაძემაც. მისი განმარტებით, აღნიშნული თხრილი სპეციალური ჯებირებით იყო შემოსაზღვრული.
როგორც კალაძე აღნიშნავს, ასეთი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს, უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ყოველთვის დიდი ყურადღება ექცევა.
„რა თქმა უნდა, ყველა უსაფრთხოების ზომა არის იმისთვის, რომ გადაადგილების თვალსაზრისით ადამიანებს არ ჰქონდეთ პრობლემა. ვიცი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ალბათ, იმაზეც გექნებათ ინფორმაცია, რომ აღნიშნული სამუშაოების დროს შესაბამისი სივრცე შემოღობილი იყო. ალბათ, იმაზეც გექნებათ ინფორმაცია, რომ ის ჯებირები, რომელიც იყო განლაგებული, გადანგრეულია. მე არ ვიცი, ეს ადამიანი რა მდგომარეობაში იყო – ნასვამი იყო, არ იყო ნასვამი, გამიჭირდება ამაზე საუბარი, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ ასეთი პროექტების განხორციელების დროს, ადგილზე უსაფრთხოების ზომებს ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა”, – განაცხადა კახა კალაძემ.