თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთოდა სეტყვა და გრიგალი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. ინტენსიური წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში დაფიქსირებული მეტეოროლოგიური მოვლენა განეკუთვნებოდა სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენების კატეგორიას.
უხვი ნალექი განსაკუთრებით აღინიშნებოდა დიდუბის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და საბურთალოს რაიონებში.
რამდენიმე მისამართზე წაიქცა ხე. გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩაზე, გრიგალის შედეგად წაქცეულმა ხემ დააზიანა კომუნიკაციები. აღდგენითი სამუშაოები დაიწყო მყისიერად და თითქმის დასრულებულია.
თბილისი მერიის განცხადებით, არასწორია, თითქოს წერეთლის გამზირის სანიაღვრე სისტემა გაუმართავია და ვერ ატარებს წყლის ნაკადს.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ წერეთლის გამზირზე არსებული სანიაღვრე სისტემა მუშაობს გამართულად.
წყლის დიდი ნაკადის თავმოყრის გარდა, წერეთლის გამზირის კონკრეტული მონაკვეთების დატბორვა გამოწვეული იყო სანიაღვრეების ცხაურთან თავმოყრილი დასეტყვილი ფოთლებითა და ტოტებით, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთებით და შლამით.
მას შედეგ, რაც შესაბამისმა სამსახურებმა გაწმინდეს ცხაურები, წყლის ნაკადი სანიაღვრე სისტემამ სრულად გაატარა” – აცხადებენ მერიაში.