თბილისის მერიმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შესახებ და პანდემიის გამო შეჩერებულ პროექტებზე ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერიამ 2021 წლის ბიუჯეტის წინასწარი პარამეტრები დაამტკიცა და მისი თქმით, აღნიშნული პარამეტრები მნიშვნელოვნად განსხვავდება 2020 წლის ბიუჯეტის წინასწარი პარამეტრებისგან.
„არსებული პანდემიიდან გამომდინარე, გარკვეული პრობლემები შეიქმნა, როგორც ქვეყანაში, მთელ მსოფლიოში ზოგადად. გულდასაწყვეტია, მაგრამ შესაძლოა, მომდევნო წლის ბიუჯეტი ტრანსფარებითა და დახმარებებითაც ვერ იყოს ისეთი, როგორც 2020 წლის ბიუჯეტი“, – თქვა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, გარკვეული ინფრაქტრუქტურული პროექტების განხორციელება დროებით შეჩერდა.
„თქვენ იცით, რომ საკმაოდ ამბიციური გეგმები გქვონდა 2020 წელს. თუმცა, სამწუხაროდ, გარკვეულ პროექტებს ჯერ ვერ ვიწყებთ, ასეთი პროექტებია: წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია; ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია; ვაჟა-ფშაველას გამზირის, ბაგებიდან საბურთალოს მიმართულებით გადასასვლელი ხიდის პროექტი, ვეფხისა და მოყმის მიმდებარე ტერიტორიის მთლიანად განახლება და მოწესრიგება – ეს არის პროექტები, რომლებიც უკვე უნდა დაგვეწყო, ამ ეტაპზე არსებული რეალობიდან გამომდინარე, ვერ ვიწყებთ, თუმცა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს, მომავალი წლის დასაწყისში შესაძლებელი იქნება ამ პროექტების განხორციელება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.