წერილი კიდევ ერთხელ მიუთითებს, როგორი პატრიოტია ბატონი ბიძინა ივანიშვილი - თალაკვაძე

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის წერილი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რამდენად გულწრფელი დამოკიდებულება აქვს და როგორი პატრიოტია ივანიშვილი.

თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ისაუბრა, რომ ამ წერილით „ოცნების“ დამფუძნებელმა გამჭვირვალედ თქვა სიმართლე, რაც ყოველთვის მისი ხელწერა იყო.

„ეს წერილი კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად გულწრფელი დამოკიდებულება აქვს და როგორი პატრიოტია თავის ქვეყნის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ის ძალიან გამჭვირვალედ და პირდაპირ ამბობს სიმართლეს – ეს ყოველთვის იყო მისი ხელწერა, როდესაც პოლიტიკაში გახლდათ და ახლაც, როდესაც პოლიტიკიდან გასულია, მისი ხელწერა არის იგივე. ის თავის საზოგადოებას სიმართლეს ეუბნება. დღეს, თუნდაც უბრალო და პატარა სიმართლეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ საზოგადოება არის ახლა ინფორმირებული, დღეს უკეთ ერკვევა პოლიტიკაში, ხედავს, თუ რა არის მშვიდობის ფასი, ხედავს, რა არის დემოკრატიული ინსტიტუტების ფასი და ხედავს, თუ რას ნიშნავს, როდესაც კერპთაყვანისმცემლობით კი არ იმართება ქვეყანა, არამედ იმართება ისე, როგორი კონცეფციაც დაამკვიდრა „ქართულმა ოცნებამ“,- განაცხადა თალაკვაძემ.


„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და საუბრობს ომის საფრთხეზე, ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე, „კრედიტ სუისთან“ დავასა და ა.შ.