„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს მთავრობას ერთობლივი წერილი გამოუგზავნეს. „მოვუწოდებთ მთავრობას, გამოაქვეყნოს საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი მიმართვა“, – წერს კანდელაკი facebook-პოსტში.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ „პუბლიკას“ კანდელაკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით წერილობითი კომენტარი გამოუგზავნა:
„წერილის გამოქვეყნება გერმანული და ფრანგული მხარის პრეროგატივაა და ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება, თუ გამოაქვეყნებენ, რადგან წერილი საკმაოდ დაბალანსებული, მხარდამჭერი და კონსტრუქციულია. ჩვენ არ ვაპირებთ, უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ ჩვენი გერმანელი და ფრანგი პარტნიორები. დიპლომატიური სამსახური ვერ აჰყვება გიორგი კანდელაკისა და მისი კოლეგების იაფფასიან გამოსვლებს“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.