პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საგანგებო მდგომარეობის დამტკიცებას მხარს აღარ დაუჭერენ. მათი თქმით, მიზეზი ანტიკრიზისული გეგმის არარსებობაა. ოპოზიციონერებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, რომ პრემიერ-მინისტრი დღეს პარლამენტში არ გამოცხადდა და გეგმა არ გააცნო პარლამენტარებს.
„ღონისძიებებია აქ მთავარი, საგანგებო მდგომარეობა თავისთავად არაფრისმთქმელია, თუ მას არ ახლავს ის ღონისძიებები, რომლებსაც მთავრობა აწესებს და სწორედ ერთთვიანმა დრომ გვაჩვენა, რომ ეს შეზღუდვები არ არის მიზანშეწონილი. საგანგებო მდგომარეობის წინააღმდეგი კი არა ვართ, არამედ იმ შეზღუდვების, რომლებიც არის გაუაზრებელი და რომლებიც მძიმე ტვირთად აწვება მოქალაქეებს“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის აღსრულებაზე პასუხისგმგებელია მთავრობა. ამიტომ საზოგადოების, პარლამენტის უპატივცემულობაა, როდესაც პრემიერ-მინისტრი არ მიდის პარლამენტში. ოთარ კახიძის განცხადებით, პარლამენტსა და საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს მთავრობა მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების დასახმარებლად.
„მინდა შეგახსენოთ, რომ როდესაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, თქვენთან ერთად გავიზიარეთ პასუხისმგებლობა. და როდესაც ვამბობთ, ჩვენ დღეს მას არ დავუჭერთ მხარს, ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად თქვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში ვტოვებთ ამ რეჟიმს, თქვენ გაქვთ 76 ხმა საკმარისი და თქვენ ამას მიიღებთ. საგანგებო მდგომარეობა დღეს პარლამენტში დამტკიცდება, მაგრამ ჩვენთან ერთად რომ ყოფილიყო, მას ექნებოდა სხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი დატვირთვა. თქვენ ეს არ მოინდომეთ, რატომ წარადგენთ პარასკევს ეკონომიკურ გეგმას და არა დღეს? რაიმე წყდება ამ ორ დღეში? ყოფილიყო წარმოდგენილი, ეს იყო ჩვენი მოთხოვნა, თუ რას ვუპირებდით სახლში გამოკეტილ მილიონამდე უმუშევრად დარჩენილ ადამიანს. ჩვენ ვერ გავიგეთ ამ ერთი თვის განმავლობაში, რას აპირებდა მთავრობა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
21 აპრილს მთავრობამ პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელების თაობაზე მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ ბრძანება გამოსცა, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.