ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ისრაელის მოთხოვნა, ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებმა პალესტინელებმა სამხრეთით გადაინაცვლონ, დაშავებულთათვის და ავადმყოფებისთვის სასიკვდილო განაჩენია.
WHO-მ განაცხადა, რომ მკაცრად გმობს ისრაელის განმეორებით ბრძანებას ღაზის ჩრდილოეთით მდებარე 22 საავადმყოფოდან ევაკუაციის შესახებ. კლინიკებში 2000-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს. ევაკუაცია კი კიდევ უფრო გააუარესებს მიმდინარე ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კატასტროფას.
WHO-ს თანახმად, საფრთხე ემუქრება ბევრი კრიტიკული ავადმყოფის და მოწყვლადი პაციენტის სიცოცხლეს: მათი, ვისაც ინტენსიური მკურნალობა და/ან ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდება; ვისაც დიალეზი სჭირდება; ინკუბატორში მყოფი ახალშობილები; ქალები მშობიარობის შემდგომი გართულებებით და ა.შ. ყველა მათგანის მდგომარეობა მყისიერად გაუარესდება ან დაიღუპება, თუ იძულებულები გახდებიან, გადაადგილდნენ.
სამედიცინო დაწესებულებები ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში აგრძელებენ დაშავებულთა მიღებას და იბრძვიან შესაძლებლობებს მიღმა ფუნქციონირებისთვის. ზოგიერთი პაციენტი დერეფნებსა და ეზოებშია მოთავსებული, ვინაიდან ყველა საწოლი ათვისებულია.
„2000-ზე მეტი პაციენტის იძულება, გადაადგილდნენ სამხრეთ ნაწილში, სადაც სამედიცინო დაწესებულებები ასევე მაქსიმალურად გადატვირთულია და არ შეიძლია, პაციენტების კრიტიკულად გაზრდილი რაოდენობა მიიღოს, შესაძლოა სიკვდილით დასჯის ტოლფასი იყოს”. – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზიაცია.
WHO წერს, რომ საავადმყოფოების დირექტორები აგონიური არჩევანის წინაშე დადგნენ: მიატოვონ კრიტიკულად მძიმე პაციენტები და გადავიდნენ სამხრეთში, რათა თავი გადაირჩინონ, ვინაიდან ისრაელი ჩრდილოეთ ნაწილზე შეტევას აანონსებს; დარჩნენ ადგილზე, უმკურნალონ პაციენტებს და საკუთარი სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენონ, თუ საფრთხე შეუქმნან პაციენტების სიცოცხლეს ევაკუაციების დროს. ექიმებისა და ექთმენების უდიდესმა ნაწილმა ადგილზე დარჩენა აირჩია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, „ჯანდაცვის მუშაკებს არ უნდა ჰქონდეთ ასეთი შეუძლებელი არჩევანი”.
გარდა ავადმყოფებისა, ჩრდილოეთ ღაზიდან ათობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი თავშესაფარს ჰოსპიტლებთან ახლოს ეძებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ძალადობისგან თავს ასე დაიცავს.
WHO წერს, რომ არსებობს გადამოწმებული ცნობები ჯანდაცვის მუშაკების დაღუპვისა და სამეციდინო დაწესებულებების განადგურების შესახებ, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო პირების სიცოცხლისა და სასიცოცხლოდ აუცილებელი ჯანდაცვის მიღების უფლების შესახებ და აკრძალულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ისრაელს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეცვალოს ჩრდილოეთ ღაზიდან ევაკუაციის ბრძანება, ასევე, მოუწოდეს, დაიცვას ჯანდაცვის დაწესებულებები, ჯანდაცვის მუშაკები, პაციენტები და მოქალაქეები. WHO ასევე მოითხოვს, დაუყოვნებლივ და უსაფრთხოდ მოხდეს სამედიცინო მარაგების, საწვავის, სუფთა წყლის, საკვების და სხვა ჰუმანიტარული დახმარების შეტანა ღაზაში რაფაჰის გავლით, სადაც, როგორც WHO ამბობს, ტვირთები შეტანის ნებართვას ელოდება.
გუშინ, 15 ოქტომბერს, ისრაელმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორს 1 კვირის წინ შეწყვეტილ წყალს აღუდგენს. ისრაელს არაფერი უთქვამს ელექტროენერგიისა და საწვავის მიწოდებაზე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 15 ოქტომბერს X(Twitter)-ზე დაწერა, რომ აშშ დგას ისრაელის გვერდით, რადგან ის თავს იცავს. ამასთან, მისი თქმით:
„შეერთებული შტატები მუშაობს, რომ ღაზის მოსახლეობამ შეძლოს, თავი დააღწიოს საფრთხეს და სექტორში შევიდეს საკვები, წყალი და მედიკამენტები. ჰამასს არ აინტერესებს, დაზარალდებიან თუ არა პალესტინელები”.
7 ოქტომბრის დილას ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო – ისროლა რამდენიმე ათასი რაკეტა და რამდენიმე ადგილას სახმელეთო საზღვარი გაარღვია, მოკლა და/ან გაიტაცა ასობით ადამიანი. თავდასხმა ერთდროულად დაიწყო ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან.
თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი შესრულდა, ამასთან, იყო შაბათი – ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, ეს შემთხვევითობა არ არის.
ისრაელმა ღაზის სექტორი ბოლკადაში მოაქცია. შეუწყვიტა წყლის, ელექტროენერგიის და საწვავის მიწოდება. ამასთან, 1.1 მილიონ მოქალაქეს, რომელიც ღაზის ჩრდილოეთით ცხოვრობს, სამხრეთით გადასვლა მოსთხოვა.