რუსეთი ირწმუნება, რომ ირკუტსკის ოლქის ლაბორატორიაში გარდაცვლილ თანამშრომელთან კონტაქტში მყოფ არც ერთ პირს პნევმონიური ჭირი არ დაუდასტურდა.
ციმბირში, ირკუტსკის ოლქის ჭირის შემსწავლელი კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიაში 28 წლის დარია შიპილოვა მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც სავარაუდოდ გაუტყდა სინჯარა, რომელიც ლეტალური ჭირის პათოგენს შეიცავდა.
დარია შიპილოვა ირკუტსკის ჭირის კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა. ის სექტემბრის ბოლოს შეუძლოდ გახდა და 2 ოქტომბერს მძიმე პნევმონიით გარდაიცვალა. მისი დაავადების ზუსტი მიზეზი საჯაროდ ამ დრომდე არ დადასტურებულა.
მედიაში ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია პნევმონიის კიდევ ერთი შემთხვევის შესახებ.
რუსეთში სამეციდინო დაკვირვების/იზოლაციის ქვეშ თავდაპირველად დაახლოებით 200 ადამიანი მოაქციეს მათ შორის ინსტიტუტის თანამშრომლები და პირები, რომლებსაც გარდაცვლილთან კონტაქტი ჰქონდათ. რუსეთის ხელისუფლების ცნობით, მათი 60% უკვე გაათავისუფლეს.
ჭირის კვლევითმა ინსტიტუტმა განაცხადა, რომ დარია შიპილოვას აუტოფსიისას მისი სამუშაოსთან დაკავშირებული მიკროორგანიზმები არ აღმოჩნდა, ანუ არ დადასტურდა, რომ ქალის სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ჭირი იყო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ამ ეტაპზე ჭირის გავრცელების საერთაშორისო რისკს აფასებს, როგორც ძალიან დაბალს. ამავე დროს, WHO-ს გენერალური დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა თქვა, რომ მათ რუსეთს მიმართეს ინფორმაციის გადამოწმების მიზნით. რუსულმა ჯანდაცვის უწყებებმა WHO-ს უთხრეს, რომ ირკუტსკის ოლქში ბოლო პერიოდში ჭირის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ტედროს ადანომ გებრეიესუსის თქმით, რუსულმა მხარემ WHO-ს ასევე აცნობა, რომ ჩატარდა ეპიდემიოლოგიური მოკვლევა, განხორციელდა პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები, ხოლო გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფი პირები სამედიცინო დაკვირვების ქვეშ მოაქციეს და შესაბამისი ტესტირება ჩაუტარეს.
„რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, კონტაქტში მყოფ პირებს შორის მაღალი საფრთხის შემცველი პათოგენები არ გამოვლენილა, ხოლო ყველა იდენტიფიცირებული კონტაქტის სამედიცინო დაკვირვება დასრულებულია“, – წერს X-ზე WHO-ს გენერალური დირექტორი.
WHO აცხადებს, რომ ორგანიზაცია კვლავ ინარჩუნებს კონტაქტს რუსეთის ჯანდაცვის უწყებებთან და მათ ტექნიკურ მხარდაჭერას სთავაზობს.
ამასთან, WHO-მ რუსეთის ხელისუფლებას დამატებითი ინფორმაციის მიწოდება სთხოვა, რათა დაზუსტდეს მძიმე პნევმონიის გამომწვევი მიზეზი, ის პათოგენი, რომელმაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებების გატარების აუცილებლობა გამოიწვია, ასევე მედიაში გავრცელებული ცნობები კიდევ ერთი თანამშრომლის შესახებ, რომელსაც დაუდგენელი მიზეზით გამოწვეული პნევმონია ჰქონდა.
WHO-ს განცხადებით, საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციების ფარგლებში დროული, სრულყოფილი და გამჭვირვალე ინფორმაციის გაცვლა აუცილებელია, რათა ურთიერთგამომრიცხავი ცნობები დაზუსტდეს და შესაძლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკების ზუსტი შეფასება გახდეს შესაძლებელი.
შემთხვევას ყურადღებით აკვირდება აშშ-იც. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ამ საკითხზე საუბარს გეგმავს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კი მოსკოვს საქმის შესახებ მეტი ინფორმაციის გაზიარებისკენ მოუწოდა.
საქართველოში ჭირის საკითხზე კომენტარი „ინტერპრესნიუსთან“ გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ.
„თუ მართლა შავი ჭირი იყო, მოუვლიან ადგილზე, დღეს ეს პრობლემა აღარაა. იქაც არ გავრცელდება. ჩვენთვის არავითარი რისკი არაა”, – თქვა მან.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ „პანიკისა და ყალბი აჟიოტაჟისთვის მიზეზი არ არსებობს“, რადგან „შემთხვევების გამოვლენის ადგილი საქართველოსგან შორსაა“.
„ჩვენი დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სამინისტრო, ბუნებრივია, აქტიურად თვალს ადევნებს სიახლეებს და გარემოებების შესახებ ინფორმაციას, რომელიც გროვდება ამ მიმართულებით. ინფორმაციის ძირითად წყაროს წარმოადგენს გლობალური თანამშრომლობის ისეთი პლატფორმა, როგორიცაა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით, შემიძლია ვთქვა, რომ არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და ყალბი აჟიოტაჟების შექმნისთვის არ არსებობს. რაიმე ზომების მიღების საჭიროება აბსოლუტად არ იკვეთება, არავითარი რეკომენდაცია საამისოდ არ არსებობს.
რა მონაცემებიც იკრიბება, საქართველოსგან ძალიან შორს მდებარეობს, მიმოსვლის ინტენსივობის ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, რაიმე რეკომენდებული ზომების მიღება ნამდვილად არ იკვეთება. ბუნებრივია, თუ ასეთი არსებობს, ჩვენ დაუყოვნებლივ მზად ვართ ნებისმიერი მოქმედებისთვის, რაც დაიცავს საქართველოს მოსახლეობას მსგავსი რისკებისგან“, – თქვა სარჯველაძემ.
სამმა ქვეყანამ: ყაზახეთმა, ყირგიზეთმა და უზბეკეთმა რუსეთთან საზღვარზე გაამკაცრა სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი. ეს ნიშნავს დამატებით ეპიდემიოლოგიურ შემოწმებებს.