საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომ ამბობს, რომ დაუშვებლად მიაჩნიათ ასოციაციის გამოყენება პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად. ასოციაციის მტკიცებით, წევრთა ნაწილის გასვლის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს ფაქტობრივ სიცრუეს, არის მანიპულაციური და ემსახურება არაჯანსაღი აჟიოტაჟის შექმნას.
განცხადებაში წერია, რომ დეტალურ განმარტებას მალე გამოაქვეყნებენ.
„დღეს მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციიდან წევრთა ნაწილის გასვლის თაობაზე. მალე გამოვაქვეყნებთ დეტალურ განმარტებას ამ საკითხზე. მანამდე კი ვიტყვით, რომ, სამწუხაროდ, გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს ფაქტობრივ სიცრუეს, არის მანიპულაციური და ემსახურება არაჯანსაღი აჟიოტაჟის შექმნას. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ: ჩვენი ასოციაცია ბიზნესსუბიექტების პროფესიული გაერთიანებაა, რომელიც ყოველთვის აფიქსირებდა მოსაზრებებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში. სრულიად დაუშვებლად მიგვაჩნია ასოციაციის გამოყენება პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად, მით უფრო, რომ ასოციაცია აერთიანებს განსხვავებული შეხედულებებისა და პოზიციების მქონე ორგანიზაციებს. რა თქმა უნდა, ასოციაციის თითოეულ წევრს შეუძლია ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება, თუმცა მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ასოციაციის რეპუტაციის დაზიანების განზრახვისგან“, – წერია განცხადებაში.
დღეს წიგნის 19-მა გამომცემლობამ განაცხადა, რომ წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ რუსული კანონის რეესტრში რეგისტრაცია მათთან შეუთანხმებელი იყო, რის გამოც „ვიღებთ ჩვენთვის უმძიმეს გადაწყვეტილებას და ვტოვებთ ასოციაციას, რომელსაც ბევრი ჩვენგანი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა”.