27-29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით წიგნის საახალწლო ფესტივალი 2019 გაიმართება.
წიგნის მოყვარულებს სამი დღის განმავლობაში საშუალება ექნებათ ფასდაკლებით შეიძინონ ძველი და ახალი გამოცემები, დაესწრონ ახალი წიგნებისა თუ თარგმანების პრეზენტაციებს და მოისმინონ საჯარო ლექციები აქტუალურ თემებთან დაკავშირებით.
„ახალი წელი ახალი წიგნებით!“ ასეთია ფესტივალის სლოგანი.
ღონისძიება 27 დეკემბერს 12 საათზე წლის ბესტსელერი გამოცემების დაჯილდოვებით გაიხსნება. წლევანდელი ფესტივალის ფოკუსია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.
წელს პირველად ფესტივალის გახსნის დღეს გამოვლინდება და ჯილდო გადაეცემა ლიტერატურის სფეროში მოღვაწე ადამიანს, რომელიც 2019 წელს გამოირჩეოდა იმ აქტივობებით, რომლებიც სიტყვის თავისუფლების გაძლიერებას უწყობდა ხელს.