წიგნს ახლიდან აუცილებლად დავბეჭდავთ საზოგადოების ნაწილის ხელშეწყობით - ბაქრაძე

პუბლიკა

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე ელენე დარიანის კრებულში ჩასაკრავად შეცდომების გასწორების ფურცელს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ საზოგადოების ხელშეწყობით წიგნი ხელახლა აუცილებლად დაიბეჭდება.

„ელენე დარიანის წიგნში ჩასაკრავად შეცდომების გასწორების შემდეგი ფურცელი გვქონდა მომზადებული. ვისაც გაქვთ წიგნი – გთხოვთ, ამობეჭდოთ და ჩააკრათ წიგნის ბოლოში. თუ გნებავთ პდფ-ვერსიასაც გამოგიგზავნით. კიდევ ერთხელ ბოდიში.

წიგნს ახლიდან აუცილებლად დავბეჭდავთ – საზოგადოების იმ ნაწილის ხელშეწყობით, ვისაც უყვარს და აინტერესებს ქართული ლიტერატურა და კულტურა.
ამაზე მოგვიანებით“, – წერს ლაშა ბაქრაძე თავის Facebook-გვერდზე.

17 იანვარს კულტურის სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ სამინისტროს 2021 წლის 31 დეკემბრიდან არაერთმა სამართლიანად აღშფოთებულმა მოქალაქემ ღია წერილითაც მიმართა.

სამინისტროს განცხადებით,  მოქალაქეთა აღშფოთების მიზეზი ლიტერატურული მუზეუმის მიერ გამოცემული წიგნია. სამინისტროს თქმით, მუზეუმმა დაუშვა სერიოზული შეცდომა და ელენე დარიანს მიაკუთვნა ანა კალანდაძის ორი ლექსი.

რედაქტორი გულწრფელად განიცდის აღნიშნულ შეცდომას, რასაც მისი ავად გახდომაც კი მოჰყვა. სამინისტრო პატივს მიაგებს თეა თვალავაძის მუზეუმში მრავალწლიან კეთილსინდისიერ საქმიანობას და მას მომავალშიც მხნეობას უსურვებს. რაც შეეხება წიგნის შემდგენელსა და, იმავდროულად, მუზეუმის ხელმძღვანელს, ის კოვიდით არის ავად. უახლოეს პერიოდში, სამინისტრო მასთანაც გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.