მოქალაქე გიორგი ჩუტკერაშვილი, „ტვ პირველთან“ ჰყვება, რომ სპეცრაზმელებმა სასტიკად სცემეს.
„დამაგდო ვიღაც სპეცრაზმელმა. მაგ დროს ვიღაცამ კეფაში დამარტყა. იყო მუქარები, „აი, ახლა შენ ნახავ, რაც მოგივა, ცოცხალი თუ გადარჩები საერთოდ“. მანქანაში შემაგდეს. გარეთ მდგომები მაგინებდნენ, დამცინოდნენ, შეძახილები ჰქონდათ, სეირს უყურებდნენ. ვეღარ ვსუნთქავდი, ისე მირტყამდნენ და ვყვიროდი, ღვიძლში ნუ მირტყამთ-მეთქი. რომ ამოვისუნთქე, ჩამოიწია, სახე გამისწორა და „კარგად ხარო?“ და მეთქი, კი.
მოიქნია ხელი და ცხვირში დამარტყა. ერთმა მითხრა, როგორ ჯანზე ხარ, ვერაფერი გიქენითო; მეორე იძახის, „მოდით, თითი მოტეხეთო“. ხელის მოტეხას შეეცადნენ, ვგრძნობ, რომ სადაცაა მომტყდება ხელი და მაგ დროს შემოვიდა ის უფროსი და უთხრა, რომ მაგას ნუ აკეთებო და კეფაში ნუ ურტყამთო.
მაინც არ გაითვალისწინეს მაგის აზრი, მაინც მომხვდა კეფაში ერთი ათჯერ. წიხლი, ფეხი, მუშტი, ხელში რაღაც პლასტმასები ჰქონდათ, ყველაფერი მირტყეს. ფოტო გადამიღეს, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ვიღაცისთვის უნდა ეჩვენებინათ. ეს ჩატები აინტერესებდათ, როგორ აორგანიზებო. მე ვუთხარი, არაფერს ვაორგანიზებ, უბრალოდ, მონაწილე ვარ და ბრაზი გამოვხატე…“, – ჰყვება გიორგი ჩუტკერაშვილი.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს განცხადებას და ამბობს, რომ 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტესობა სასტიკად ნაცემია. დაკავებულების თქმით, მიკროავტობუსში მათ სულ მცირე ექვსი სპეცრაზმელი სცემდათ, ძალადობის პროცესში სამართალდამცველები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.