„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ ენმ-ს ევროკავშირის 12-პუნქტიანი მოთხოვნების შესრულების პროცესზე ხელისუფლების წარმომადგენლებთან „გარკვეული საუბრები აქვს“.
მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებასთან კონკრეტული წინადადებებით გეგმავს მისვლას, რათა დასავლურმა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ისინი დიალოგის მოსურნეები არიან და სურთ, გადაიჭრას ის 12 პუნქტი, რაზეც საუბარია ევროკავშირის მოთხოვნებში.
როგორც წიკლაური ამბობს, დიალოგისთვის მზად არიან, თუმცა „ეს დიალოგი არ უნდა იყოს დიალოგისთვის. ეს არ უნდა იყოს იმ ტიპის მოლაპარაკებები, რომელიც მხოლოდ ოპოზიციას გაუტეხს სახელს და გაურკვეველ გრძელვადიან რუტინაში შეგვითრევს. სასწრაფოდ არის ნაბიჯები გადასადგმელი, რომლის გადადგმაც ხელისუფლებას შეუძლია. ეს არის: პოლიტიკური დევნის დასრულება, ეს არის სასამართლო სისტემა და ეს არის ქართველი ხალხისთვის არჩევანის მიცემა. ეს არის ის საკითხები, რომლებიც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია“.
მისივე თქმით, თუ მოლაპარაკებების პროცესში ისევ დაინახავენ ფარისევლობას ხელისუფლების მხრიდან, პარტია მიმართავს ქართველ ხალხს.
„მაგრამ თუ კვლავ დავინახავთ ფარისევლობას (მე ასეთ მოლოდინი მაქვს ხელისუფლებისგან), ჩვენ მივმართავთ ქართულ საზოგადოებას, მივმართავთ ქართველ ხალხს, მივმართავთ მსოფლიო საზოგადოებას და ეს იქნება ორმხრივი დიდი მოძრაობა, დიდი ნაკადი – ქუჩაში ქართველი ხალხი ევროპული მომავლისთვის და ასევე დასავლური საზოგადოების სრული მობილიზება“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
მისი თქმით, ხელისუფლება ვერ შეძლებს ხალხის ამ რაოდენობის უგულებელყოფას. „შეუძლებელი იქნება ამ ხალხის რაოდენობის იგნორირება, ამ სულისკვეთების, რაც ვნახეთ ქუჩაში. ბევრი საუბარია იმაზე, რა შეიძლება გაკეთებულიყო უკეთ და როგორ შეიძლებოდა, უკეთ ყოფილიყო ორგანიზებული ესა თუ ის აქცია. მე მიმაჩნია, რომ, თუ რამეზე არ არის ახლა ზედმეტი საუბარი და ერთმანეთის გაკილვა, არის ეს თემა. ჩვენ ვნახეთ მთავარი რამ – საქართველოს მოქალაქე მზად არის, იბრძოლოს ევროპული მომავლისთვის.“ – განაცხადა წიკლაურმა.
მისივე თქმით, 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ხელისუფლების წარმოდგენილი გეგმა პრობლემებს ვერ გადაჭრის.
„პირდაპირ გეუბნებით, იმ გეგმით, რომელიც წამოყენებულია, არავითარი კრიზისი არ განიმუხტება და დეპოლარიზაცია არ მოხდება/მკაფიოდ წერია ევროკავშირის მოთხოვნებში დეოლიგარქიზაციის შესახებ, პოლიტიკური პატიმრების გამოშვების შესახებ და არ უნდა გვქონდეს კომპლექსები, რომ პირდაპირ ვთქვა – საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და მედიამენეჯერი ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარია. ჩვენ ვიხილეთ თავდასხმა რამდენიმე დღის წინ თქვენი ტელეარხის მედიამფლობელზე და ეს მუდმივი ზეწოლაა. ამიტომ ახლა ტყუილად დროის გაწელვას ნამდვილად არ ვაპირებ და ჩვენ მივალთ მათთან კონკრეტული წინადადებებით.“ – განაცხადა წიკლაურმა.