„ქართული ოცნების” დეპუტატის, ნინო წილოსანის თქმით, 2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში გაკეთებული ჩანაწერი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი, გახდა რუსეთის მხრიდან ძალადობის და ომის პროცესების მაპროვოცირებელი.
წილოსანმა ეს კომენტარი NATO-ს 2024 წლის ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციის შესახებ ლაპარაკისას გააკეთა – დოკუმენტში არ არის დადასტურებული 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისადმი ერთგულება.
„არაერთი შეფასებით, დიახაც, სწორედ 2008 წლის NATO-ს ჩანაწერით და იმ პირობებით, როცა NATO-ს შემადგენლობაში საქართველო ვერ იქნა შეყვანილი და სამწუხაროდ, განსაკუთრებული მოწყვლადობა ჰქონდა ქვეყანას, გარკვეულწილად იყო მაპროვოცირებელი და რუსეთის მხრიდან გავხდით მსხვერპლი ამ ძალადობის და ომის პროცესების დასაწყისის.
პარალელს ავლებენ 2008 წლის დეკლარაციის ჩანაწერთან, რომელსაც მოჰყვა ის ესკალაცია და ის საომარი დაძაბულობა, რაც თითოეული ჩვენგანის და ქვეყნისთვის უმძიმესი დაღია და ამას ისურვებენ და ამას უჭერენ მხარს”, – თქვა „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ნინო წილოსანმა.
NATO-ს 2024 წლის ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში საქართველო მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები – მოწოდებაში რუსეთის მიმართ, გაიყვანოს ძალები საქართველოდან და მოლდოვიდან. უახლესი დოკუმენტი არ იმეორებს ჩანაწერს, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი.
2008 წლის შემდეგ, ეს ალიანსის სამიტებზე მიღებული მეორე დეკლარაციაა, რომელშიც ასახული არაა ბუქარესტის სამიტის ჩანაწერი. პირველი ასეთი დეკლარაცია ალიანსმა 2022 წელს, მადრიდის სამიტზე მიიღო, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამავე წელს მადრიდის სამიტზე მიიღეს NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას ადასტურებდა.