წილოსანი: ათეულობით დაკარგული ქალის სიცოცხლე არ გვაძლევს მშვიდად ყოფნის საშუალებას

პუბლიკა

უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო უერთდება ქალებზე, გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას, რომელიც 25 ნოემბრიდან 16 დღის განმავლობაში გაიმართება.

„ძალადობის ამ საშინელი ფორმის დასამარცხებლად ოქროს მოდელი არსებობს – კანონმდებლობის სათანადო ცვლილება და მისი შემდგომი ეფექტიანად აღსრულება, მენტალური ცვლილებები საზოგადოებაში ქალებთან დაკავშირებული როლების შესახებ, ასევე განათლების სისტემის მეშვეობით არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულებების დამსხვრევა და განუწყვეტელი რეფორმები.

ყოველწლიურად საქართველოში 10 000-მდე შემაკავებელი ორდერი გამოიცემა და ათეულობით დაკარგული ქალის სიცოცხლე არ გვაძლევს მშვიდად ყოფნის საშუალებას, თუმცა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით დაწყებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან, სტამბოლის კონვენციასთან ჰარმონიზაციამდე და ამან მოგვცა მოცემულობა, ყოველწლიურად შემაკავებელი ორდერების რაოდენობა მზარდია, რასაც ჩვენც და სექტორიც აფასებს დადებით ტენდენციად  იმიტომ, რომ ძალადობა არ უნდა დარჩეს დაფარული, რადგან ძალადობის პირდაპირი მსხვერპლნი ქალები არიან, მაგრამ ამავდროულად ძალადობის მსხვერპლნი არიან ბავშვები“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მან საზოგადოებას მოუწოდა, გაერთიანებული ძალებით ებრძოლონ როგორც ქალთა მიმართ, ასევე, ზოგადად, ძალადობას.