წილოსანი „ღირსეული პარტნიორის” შეჩერებაზე: მეორე მხარესაც საკმაოდ აზიანებს

პუბლიკა

„ქართული ოცნების” დეპუტატი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ აშშ-ის მიერ საერთო სამხედრო წვრთნის პროგრამა „ღირსეული პარტნიორის” შეჩერება აშშ-საც „საკმაოდ აზიანებს”.

„ეს წვრთნები ცალმხრივი ინტერესი არ არის – რა თქმა უნდა, მსგავსი აქტივობები ქართულ სამხედრო ძალებს კონკრეტულ ბენეფიტებს აძლევს, თუმცა წვრთნები ყოველთვის ორმხრივი ინტერესის ფარგლებში კეთდებოდა და ეს გადაწყვეტილება მეორე მხარესაც საკმაოდ აზიანებს!”, – თქვა მან.

წილოსანისვე თქმით, ეს გადაწყვეტილება „გასაკვირია”.

„რეალობა არის ის, რომ ეს პერიოდი არის გარკვეული მოცემულობების გადააზრების საშუალება და დრო. ჩვენგან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ ჩვენ პარტნიორებისგან ურთიერთობების „დარესტარტებას”, ანუ ახლებურად დაწყებას ველით – უკეთესი მოცემულობებითა და პირობებით. ვისურვებდი და დავიტოვებდი იმედს, რომ საქართველოს და აშშ-ს ურთიერთობები უკეთესობისკენ შეიცვლება”, – თქვა მან.

აშშ-მა საქართველოსთან „ღირსეული პარტნიორის” სამხედრო სწავლება „განუსაზღვრელი ვადით” გადადო.

ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა 5 ივლისს გაავრცელა.

განცხადების თანახმად:

„ღირსეული პარტნიორის” გადადების გადაწყვეტილება განპირობებულია შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებული ცრუ ბრალდებებით, რომლის მიხედვითაც ზეწოლას ვახდენდით საქართველოზე, გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, და რომ მონაწილეობას ვიღებდით, მმართველი პარტიის წინააღმდეგ გადატრიალების ორ მცდელობაში. როგორც ასეთი, შეერთებული შტატების მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეს შეუფერებელი დროა საქართველოში მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად”.