წილოსანი: უკრაინას ომში დავეწიოთ? თუ რაში?

პუბლიკა

„უკრაინას ომში დავეწიოთ? თუ რაში?” – ასე მიმართა „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ნინო წილოსანმა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც წილოსანის თქმით, ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუში თქვა, რომ საქართველომ უნდა იმუშაოს, რათა მოლდოვასა და უკრაინას დაეწიოს.

ამის შესახებ განცხადება წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

„შემაშფოთა [სალომე ზურაბიშვილის] განცხადებამ. ერთ-ერთ უცხოურ მედიას აძლევს ინტერვიუს და ამბობს, რომ საქართველომ უნდა იმუშაოსო, რომ დაეწიოს უკრაინას და მოლდოვას. რაში უნდა დავეწიოთ, ქალბატონო სალომე? უკრაინას ომში დავეწიოთ, თუ მოლდოვას დსთ-ს წევრობაში? თუ რაში უნდა დავეწიოთ?

როდესაც ევროკომისიის ანგარიშებიც ადასტურებს, რომ საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა არის, ამ ტრიოში იქნება თუ ნებისმიერ სხვა კანდიდატ თუ მაშინ ასოცირების ქვეყანას შორის, რომელიც სათანადოდ ასრულებს რეფორმებს და საუკეთესო შეფასებები გვაქვს? საკუთარ ქვეყანას ეცით პატივი და მერე დააყენეთ პირადი ინტერესები”, – განაცხადა წილოსანმა.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში იმყოფება – იქ ის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაემგზავრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობისთვის მან ოფიციალური მიწვევა მიიღო. „ქართული ოცნება” აცხადებს, რომ პრეზიდენტს ვიზიტისთვის მთავრობისთვის არ მიუმართავს და ნებართვა არ აუღია.

ზურაბიშვილი კონფერენციაზე სიტყვითაც გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის გაფართოება ეგზისტენციალური საკითხია. მისი თქმით, ეს არ არის პროცედურული საკითხი, ეს არ არის იმაზე, „ჩვენ მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, არჩევანი არ გვაქვს“.