„წინ დიდი ცვლილებები გველის" - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა აქციას

პუბლიკა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისუფლების მოედანზე შეკრებილ აქციის მიმართავს. მისი წერილი შეკრებილ ადამიანებს ნიკა გვარამიამ წაუკითხა. გთავაზობთ ძირითად პოსტულატებს სააკაშვილის სიტყვიდან:

„მოგესალმებით სამარტოო საკნიდან ტელეეკრანის შემყურე. დარჩენილ სიცოცხლეს გავცვლიდი იმისთვის, რომ ახლა თქვენთან ერთად ვიყო, ჩვენ მრავალ ათას თანამემამულსთან. საიდანაც ერთი ხელის გაწვდენაზე ვარ, მაგრამ მაინც ვერ გიერთდებით, ვერ გიერთდებით ჯერ.

ჩემი უპირველესი ნატვრა და მთავარი სურვილია, ქართველებს ჰქონდეთ სახელმწიფო, გამორჩეული კეთილდღეობითა და თავისუფლებით, სამართლიანობითა და დაცულობით უძველეს ევროპელებს უნდა გვქონდეს ევროპული ქვეყანა, სხვა ევროპულ ქვეყნებში კი დავდიოდეთ ტურისტებად, სასწავლებლად, ბიზნესის საკეთებლად, მაგრამ უნდა ვბრუნდებოდეთ საქართველოში, როგორც დავბრუნდი მე.

ჩვენ სამშობლოში უნდა ვბრუნდებოდეთ ყველა, რომლითაც ვიამაყებთ და სადაც ცხოვრება იქნება შესანიშავი.

რატომ ვარ დღეს საქართველოში. მე აქ ვარ, რადგან ვერ ვიქნები ბედნიერი ჩემთვის თუნდაც ძალიან ახლობელ უკრაინაში. ვერ ვიქნები სხვაგან, როცა ამდენ სისასტიკესა და უბედურებას ვხედავ ჩემს უსაყვარლეს სამშობლოში. უემოციოდ ვერ ვუყურებ, მასობრივად როგორ გარბის ჩვენი ქვეყნიდან ხალხი და როგორ ცარიელდება საქართველო ყველაზე ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანებისგან.

ვერ ვიქნები ჩემი სამშობლოს განადგურების გვერდიდან მაყურებელი, ამას სიკვდილი მირჩევნია. ამიტომაც ვარ აქ. აქ ვარ და მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, დავრჩე და ჩემი წვლილი შევიტანო სიღატაკის, კორუფციის, უსამართლობის ნგრევის წინააღმდეგ, ქართველ ხალხთან ერთად წინ აღუდგეს ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც პუტინის რუსეთისკენ მიაქანებს ჩვენს ქვეყანას. ყველამ ერთად არ უნდა დავუშვათ ეს, და საქართველო დავაბრუნოთ დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე, ვაქციოთ განვითარების, რეფორმების, დემოკრატიის შუქურად.

ახლა არანაირი ნიშნით დაყოფის დრო არ არის. საქართველოს გამოხსნისა და გადარჩენის დროა.

ჩვენს ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, შევწყვიტოთ ერთმანეთის დამცირება, ზიზღის ფრქვევა, და მივუტევოთ ერთმანეთს. ამას ვწერ უკანონო პატიმარი, მაგრამ გარეთ პირველ რიგში ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებ. კიდევ ერთი რევანში და შურისძიება მორალურად გაანადგურებს საზოგადოებას საბოლოდ დაანგრევს ქვეყანას. ჩვენ წინ დიდი ცვლილებები გველის, მაგრამ ამისთვის ყველანაირი წყენა უნდა დავივიწყოთ.

ერთმანეთზე გაბოროტებულ საზოგადოებას არასოდეს დაუყენებია პროგრესის გზაზე ვქეყანა, არასოდეს შეუქმნია რაიმე ფასეული, და ჩვენ გვინდა ცივილიზებული ქვეყანა. გვეყოფა მარცხი, ძირს ხელჩამოშვებულობა და ნიჰილიზმი.

30-ში ყველა არჩევნებზე“, – მიმართავს აქციას სააკაშვილი.


„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში აქცია მიმდინარეობს.