წინ ნუ გაუსწრებთ მოვლენებს - პესკოვი შეთავაზებული ზავის საკითხზე

პუბლიკა

კრემლი გამოეხმაურა 11 მარტს საუდის არაბეთში ამერიკისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართულ მოლაპარაკებას, რომლის დროსაც უკრაინამ მზადყოფნა გამოხატა ცეცხლის 30 დღით შეწყვეტაზე.

„ჩვენ ყურადღებით ვაანალიზებთ ყველაფერს, რაც გუშინ ჯედაში თქვა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა მაიკ უოლცმა“, – უთხრა ჟურნალისტებს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა. 

მისივე თქმით, ელოდებიან მოლაპარაკებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ამერიკული მხარისგან, „სხვადასხვა დიპლომატიური არხით… უახლოეს დღეებში“.

„თქვენ ცოტა წინ უსწრებთ, ჩვენ კი ეს არ გვსურს. გუშინ პრესასთან საუბრისას რუბიომაც და უოლცმაც განაცხადეს, რომ სხვადასხვა დიპლომატიური არხის საშუალებით გადმოგვცემენ დეტალურ ინფორმაციას ჯედაში შემდგარი საუბრის არსის შესახებ. პირველ რიგში, ჩვენ უნდა მივიღოთ ეს ინფორმაცია“, – თქვა პესკოვმა რუსული მედიის ცნობით.

პესკოვმა არ თქვა, ვინ მიიღებს რუსეთის მხრიდან პროცესში მონაწილეობას, იმ ცნობების ფონზე, რომ აშშ-ს წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი ხვალ მოსკოვში გაემგზავრება.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის პოტენციურ მოლაპარაკებებზე, პესკოვმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ზარის ორგანიზება „ძალიან სწრაფად“ შეიძლება, მაგრამ უარყო, რომ ეს უკვე დაგეგმილი იყო.


11 მარტს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მხარეებმა განაცხადეს, რომ უკრაინა დასთანხმდა ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის წინადადებას, შეერთებული შტატები კი დაუყოვნებლივ განაახლებს დაზვერვის მონაცემების გაზიარებას და აღადგენს სამხედრო დახმარებას. ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ის დელეგაცია აპირებს რუსულ მხარესთან შეხვედრას დღეს ან ხვალ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა, მანამდე მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ იგი თეთრ სახლში დაპატიჟებს ვოლოდიმირ ზელენსკის და დასძინა „ჩვენ გვინდა უკრაინის ომის დასრულება“.