წინა ხელისუფლებას არანაირი კანონი არ მიუღია ისე აწამეს გირგვლიანი და მოკლეს ბუტა რობაქიძე - სოფო კილაძე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს. კანონპროექტის მიხედვით, ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გარკვეული შეზღუდვების შემოღება შეეძლება. ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებით, კანონპროექტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

კანონის მიზნებსა და საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ.

„რა თქმა უნდა კოლეგებო არსებობს რისკი ადამიანის უფლებებში არათანაზომიერი ჩარევის, არსებობს გარკვეული საფრთხეები, მაგრამ ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ დავაზღვიოთ ეს საფრთხეები და ერთად მსჯელობით მივიდეთ და მივიყვანოთ ისეთ კონდიციამდე ეს კანონი, რომ ეს რისკები იყოს დაზღვეული. თუ რომელიმე კოლეგა მეტყვის, რომ ეს კანონი არ უნდა მივიღოთ იმიტომ, რომ ის შეიძლება ბოროტად გამოიყენოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, ამ კოლეგას მე შემიძლია ვუთხრა, რომ წინა ხელისუფლებას არანაირი კანონი არ მიუღია საერთოდ ისე აწამეს გირგვლიანი და მოკლედ ბუტა რობაქიძე, ასევე მოლაშვილი. ეს არ მომხდარა კანონის საფუძველზე საერთოდ. თუ ვინმეს უნდა რამეს ბოროტად გამოყენება,  ამისთვის სულ არ სჭირდება არც კანონი და არც სასამართლო.

ჩვენ საქართველოს პარლამენტი ვართ. ის ორგანო, რომელმაც ზედამხედველობა უნდა განახორციელოს, რომ  კანონი აღმასრულებელმა ხელისუფლებამ არ გამოიყენოს ბოროტად. ჩვენ გვაქვს ის ძლიერი ბერკეტები, რომლებიც დევს საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ საკომიტეტო მოსმენების ფორმატი და ა.შ.“, – განაცხადა სოფო კილაძემ.