პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატ ამირან ძაბუნიძეს ამოუკითხა ამონარიდი საერთო სასამართლოების შესახებ ახალი კანონპროექტიდან, რომლის მიხედვით, მოსამართლის დისციპლინურ გადაცდომებს ემატება დისციპლინური გადაცდომების ახალი სახეები: კერძოდ, ცვლილების მიხედვით, გადაცდომად ჩაითვლება აგრეთვე მოსამართლის მიერ აზრის გამოთქმის პროცესში ზომიერებისა და გაწონასწორებულობის კრიტერიუმის ან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა.
იოსელიანი დაინტერესდა უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატის პოზიციით, უნდა ჩაითვალოს თუ არა ეს დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლად.
„დღესაც ბანგალორის პრინციპები ამას ითვალისწინებს… ეს პრინციპები ჩვენთვის სავალდებულოა და მისი დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას. მე არ ვიცი, რა ამომიკითხეთ, მაგრამ მსგავსი შინაარსი ისედაც განსაზღვრულია ჩვენი ეთიკით“, – განაცხადა ძაბუნიძემ.
გარდა ამისა, ლევან იოსელიანი დაინტერესდა, რამდენად დამოუკიდებელი იყო წინა ხელისუფლების დროს სასამართლო და იმდროინდელი სისტემის მოსამართლეები უნდა ინიშნებოდნენ თუ არა დღეს თანამდებობებზე.
ლევან იოსელიანი: „თქვენ თქვით, რომ „აღქმა, რომელიც არსებობს სასამართლოს მიმართ, არის ხელოვნურად შექმნილი“. როგორ ფიქრობთ, წინა ხელისუფლების დროს ამდაგვარი აღქმა სასამართლოს მიმართ, მაშინაც ხელოვნურად იყო შექმნილი?
მოსამართლე: „დღეს არსებულ აღქმასთან დაკავშირებით, ნამდვილად, ეს გარკვეული ჯგუფის მიერ არის ორკესტრირებული. წინა ხელისუფლების დროს ასეთი კრიტიკული დამოკიდებულება, ახლა როგორცაა, ასე მასიურად და მსუყედ, არ მახსენდება.
იოსელიანი: „ახლა უფრო კრიტიკულია სასამართლოს მიმართ დამოკიდებულება ვიდრე წინა ხელისუფლების დროს?“
მოსამართლე: კი, ნუ ახლა უფრო მეტად… მედიასაშუალებები გარკვეულ დროს უთმობენ ამას, საკმაოდ ძვირადღირებულ ეთერებს, ძვირადღირებულ ფილმებს იღებენ და სხვადასხვა არასამთავრობოები ამ მიმართულებით შეიქმნენ ახლა, თორემ ადრე…
იოსელიანი: „ადრე, იქნებ, მიზეზი ის იყო, რომ თავისუფალი მედია იყო შეზღუდული, ამაზე არ გიფიქრიათ?
მოსამართლე: „ეს ამ ხელისუფლების დამსახურებაა მაშინ, თუ ასეა…
იოსელიანი: „წინა ხელისუფლების დროს სასამართლოს დამოუკიდებლობა იყო თუ არა გარანტირებული იმ სტანდარტით, რომელიც უნდა იყოს დემოკრატიულ ქვეყანაში?
მოსამართლე: დღეის მდგომარეობით, რა სტანდარტებიც არის, იმ დროსთან შედარებით, დღევანდელ სასამართლოსთან იმ დროის სასამართლოს არ ჰქონდა ის გარანტიები…
იოსელიანი: იმ დროის სასამართლოს მთავარი პრობლემა? მოსამართლეების დამოუკიდებლობა არ იყო ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა?
მოსამართლე: „შეიძლებოდა, ისეთი გაბედული ვერ ყოფილიყო იმ დროის მოსამართლე, როგორც დღევანდელი მოსამართლეა გაბედული“.
ლევან იოსელიანი დაინტერესდა, თუ იმ დროის მოსამართლეების დამოუკიდებლობის ხარისხი არ შეეფერება სტანდარტს, უნდა იკავებდნენ თუ არა იგივე მოსამართლეები დღეს ინსტანციებში თანამდებობებს.
„თუ რაღაც კანონის დონეზე არ იყო მიცემული მოსამართლისთვის შესაბამისი გარანტიები და… პერსონალურად [ ადამიანებში] არ ყოფილა პრობლემა, კანონში იყო“–, – განაცხადა მოსამართლე ძაბუნიძემ.