წინააღმდეგობა იქნება სრული და პროპორციული. მოვა სპეცრაზმი, დამარტყამს? დავარტყამ - უგულავა მელიას საქმეზე

პუბლიკა

წინააღმდეგობა იქნება სრული და პროპორციული. მოვა სპეცრაზმი, დამარტყამს? – დავარტყამ. პირდაპირ გეუბნებით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

„…იმიტომ, რომ ხელისფლება გავიდა კანონის ფარგლებიდან, ხელისფულება გველაპარაკება, რომ უნდა დაგვაჩმორონ, ხელისუფლება გვეუბნება, რომ მე მოვალ სპეცრაზმით და ყველანაირ უკანონობას ჩავიდენ,

მე, საქართველოს მოქალაქე გიგი უგულავას, მაქვს კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, როდესაც მოძალადე მოდის და მეძალადება; როდესაც სახელმწიფო არ მიცავს, და არ ახორციელებს თავის კანონიერ უფლებამოსილებას; როდესაც სახელმწიფო იქცევა მოძალადედ – მოქალაქემ თავი უნდა დაიცვას”, – განაცხადა უგულავამ.


„ლეიბორისტული” პარტიის ოფისში ოპოზიცია კონსულტაციებისთვის შეიკრიბა. შეხვედრის დასწყების წინ „სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ იმსჯელებს სხვადასხვა საკითხზე – როგორებიცაა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიციის ერთობლივი სტრატეგია/ტაქტიკა,  ნიკა მელიას საქმე, ასევე გიორგი რურუასა და ზოგადად, „პოლიტიკური დევნის საკითხი”.

სხვადასხვა ოპოზიციური ლიდერის განცხადებით, ოპოზიცია ასევე საპროტესტო აქციებსაც გეგმავს.

„მე მგონია, რომ პროტესტი იქნება საჭირო, რა პროტესტი იქნება, რა ფორმით, თვითონ ნიკა რას ფიქრობს, ეგ რაღაცები უნდა გავარკვიო, მაგიტომ მოვედი აქ”, – აცხადებს „გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძე.

„საპროტესტო აქციას ჩვენ ვგეგმავთ, ოპოზიცია გეგმავს, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ „ქართული ოცნების”  დღის წესრიგით”, – ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია.

ნიკა მელიას საქმე

12 თებერვალს პროკურატურამ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობისთვის სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, თანხმობის თაობაზე პარლამენტს მიმართა.

ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზეა ბრალდებული, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით. მას აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო და ასევე დაუწესდა ელექტრონული მონიტორინგი.

ნიკა მელიამ პირველ ჯერზე გირაოს თანხა შეიტანა. თუმცა, 1 ნოემბერს, აქციაზე პროტესტის ნიშნად დემონსტრაციულად მოიხსნა ელექტრონული სამაჯური. იმის გამო, რომ მან ამით დაარღვია მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პირობები, პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობით მიმართა.

სასამართლომ გირაო გაამკაცრა და ის 40 000 ლარით, 70 000 ლარამდე გაიზარდა. გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდის ვადად განისაზღვრა 50 დღე. სწორედ ამ გირაოს გადახდაზე განაცხადა უარი ნიკა მელიამ.

შესაბამისად, ბრალდების მხარემ 12 თებერვალს აღნიშნა, რომ კანონმდებლობით მას აქვს ვალდებულება, რომ ამ ჯერზე სასამართლოს კიდევ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შუამდგომლობით მიმართოს. ამისთვის კი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაა საჭირო. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, უმრავლესობა მხარს დაუჭერს მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას.

პროცედურის მიხედვით, პროკურატურის მიმართვა პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირდება, ბიურო საკითხს განსახილველად დააწერს საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ კომიტეტებს. კომიტეტების დასკვნის შემდეგ უახლოეს პლენარულ სხდომაზე საკითხს უკვე კენჭს უყრიან. ამის შემდეგ კი პროკურატურა შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.