წინააღმდეგობის მოძრაობა არჩევანის უფლების დასაბრუნებლად - „თავისუფლების მოედნის“ ინიციატივა

პუბლიკა

„ერთად დავიწყოთ მოქმედება“ – „თავისუფლების მოედანმა“ მზიურის პარკში შეკრება გამართა, სადაც არჩევნების შემდეგ ხმების დასაცავად გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს.

„თავისუფლების მოედნის“ ინიციატივაა, დაიწყოს წინააღმდეგობის კამპანია იმისთვის, რომ ხელისუფლება დავარწმუნოთ და ვაიძულოთ იმაში, რომ დააბრუნოს ის, რაც წაართვა ქართველ ხალხის – ესაა არჩევანის უფლება და ესაა პერსპექტივა დემოკრატიული ქვეყნის შექმნისა. აქ თავისი ინიციატივით შეიკრიბა თავისუფალი მოქალაქეების ჯგუფი და ერთმანეთს გავაცანით ის პრინციპები და იდეები, რაც გამოადგება წინააღმდეგობის მოძრაობას. ეს პრინციპები არის პირველ რიგში ის, რომ ეს წინააღმდეგობა უნდა იყოს მშვიდობიანი, კანონიერი, დემოკრატიული“, – განაცხადა სიკო ჯანაშიამ, „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთმა წევრმა.

სიკო ჯანაშიამ საზოგადოებას 5 მიმართულება შესთავაზა: დარღვევების გამოძიება და გამოძიების შედეგების პოპულარიზაცია; პროცესში გადაწყვეტილების მიმღები და შემსრულებელი ადამიანების იდენტიფიცირება და საზოგადოებისთვის გაცნობა; საჯარო სივრცეებში პროტესტის ჩატარება; თუნდაც გაფიცვების და ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესის ბოიკოტის ორგანიზება; ხელისუფლების წევრების შეზღუდვა. მან ხაზი გაუსვა, რომ ყველა მოქმედება უნდა იყოს დეცენტრალიზებული, რეგულარული, კანონიერი და მასში ჩაერთოს ნებისმიერი ასაკის ადამიანი.

მისივე თქმით, შეიქმნა Facebook-ჯგუფი „დაიბრუნე“, სადაც იმსჯელებენ და მოსაზრებებს გაცვლიან.