წინანდლის პრემიის გამარჯვებულები ცნობილია - „ხელოვნება ცენზურის ქვეშაა"

პუბლიკა

8 დეკემბერს ცნობილი გახდა წინანდლის პრემიის გამარჯვებულთა ვინაობა.

გამარჯვებულები 8 ნომინაციაში გამოვლინდნენ.

2023 წელს პრემიის გამარჯვებულები არიან:

თეატრალური ხელოვნება დარგში მსახიობი ნიკოლოზ ბაქრაძე პრესლის როლის შესრულებისთვის ათონელის თეატრის სპექტაკლში “ფიწალი დისნეი”.

კინოხელოვნება – სანდრო სამხარაძე ანდროს როლისთვის სერიალში “ხელოვნური სუნთქვა”.

პოეზია – პაპუნა ფირცხალაიშვილი ლიტერატურულ გაზეთში გამოქვეყნებული ლექსებისთვის.

პროზა – მათე ბაღაშვილი რომანისთვის “ბეტონებს იქით”.

მუსიკალური ხელოვნება – კომპოზიტორი გიორგი კობერიძე კომპოზიციისთვის ‘ტყეები, ზღაპრები, ქალაქები, ტყეები”.

ჰუმანიტარული მეცნიერებები – ენათმეცნიერი, ფილოლოგი, გიორგი ჯღარკავა ნაშრომისთვის “ქართველურ ენათა ანდაზების ლინგვისტური კვლევის საკითხები”.

სახვითი ხელოვნება – მიშიკო სულაკაური ინსტალაციისთვის “ქუჯაი ის აღარ არის”.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები – ასტროფიზიკოსი ქეთევან კოტორაშვილი ნაშრომისთვის ” რატომ არ მოითხოვს მზეზე უფრო ძველი ვარსკვლავების ბრუნვის ევოლუციის შესწავლა დინამოს მოდის ცვლილებას.”

პრემიის გამარჯვებულებმა პრემიის მპატფორმა საზოგადოებრივად მნიშვნელოვან თემებზე სასაუბროდ გამოიყენეს, მაგალითად მსახიობმა სანდრო სამხარაძემ განაცხადა, რომ “ხელოვნება ცენზურის ქვეშ არის და ასეულობით ხელოვანი ბოიკოტშია…”

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები შეამჩნიონ, განსაკუთრებით დღეს, როცა ხელოვნება ცენზურის ქვეშ არის და ასეულობით ხელოვანი ბოიკოტშია… ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია, ვმობილიზდეთ ყველა და მოვემზადოთ, მე მჯერა, რომ კანდიდატის სტატუსს მოგცემენ… მე მგონია, რომ ყველა პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ამაზე ვილაპარაკოთ, ეს მოვთხოვოთ ხელისუფლებას და ვეცადოთ, რომ 2024 წელს ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები” , – თქვა მსახიობმა სიტყვით გამოსვლისას.

ჯილდო  რაჭას და რაჭველ ხალხს მიუძღვნა მწერალმა მათე ბაღაშვილმა. იგი ამით შოვის ტრაგედიას გამოეხმაურა. მან ასევე განაცხადა, რომ  ეს ჯილდო ეკუთვნის  „ლაზარე გრიგორიადისს, მივიწყებულ ახალგაზრდას”.