წინასაარჩევნო შეხვედრები შეიძლება მოიცავდეს მუსიკას, ალკოჰოლს და სხვადასხვა რიტუალების ჩატარებას - გირჩი

პუბლიკა

“გირჩი” წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასამართი ღონისძიებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაგეგმილი აქვთ სხვადასხვა ტიპის ღია თუ დახურული ტიპის ხალმხრავალი შეხვედრები, რაც შეიძლება მოიცავდეს მუსიკის მოსმენას, კერძების დაგემოვნებას, ალკოჰოლის მიღებას, სიმღერასა და სხვადასხვა რიტუალების ჩატარებას.

“წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა ტიპის ღია თუ დახურული ტიპის ხალხმრავალ შეხვედრებში.

შეხვედრები იქნება სხვადასხვა ტიპის და გარდა პარტიული აგიტაციისა და გირჩის ლიდერებთან პირადი კონტაქტის დამყარებისა, თავის თავში შეიძლება მოიცავდეს მუსიკის მოსმენას, კერძების დაგემოვნებას, ალკოჰოლის მიღებას, სიმღერასა და სხვადასხვა რიტუალების ჩატარებას.

აღნიშნული შეხვედრების ნაწილის ორგანიზებაში გვეხმარებიან მეგობრები, მხარდამჭერები და კომპანიები, რომელთაც აქვთ ასეთი ტიპის შეხვედრების მოწყობის გამოცდილება.

რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან ნებისმიერი მიზეზითა და ნებისმიერი ფორმით ხელის შეშლა ასეთი შეხვედრების ორგანიზებაში, ჩვენს მიერ აღქმული იქნება როგორც ხელისუფლების მიერ გირჩისთვის წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა.” – ნათქვამია “გირჩის” განცხადებაში.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნთ ღია სივრცეში ღამის კლუბების მუშაობაც იკრძალება.

“დახურულ სივრცეში ასეთი აკრძალვა ისედაც არსებობს. ესეც არის ვირუსის სწრაფი გავრცელების მაღალი რისკის შემცველი ღონისძიებები”. – ამბობს გიორგი გახარია.

დღეიდან, 10 სექტემბრიდან, საქართველოში 200 ადამიანზე მეტის შეკრება ღია სივრცეშიც აიკრძალა. ასევე, აიკრძალა ღია სივრცეში იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები.