ჯანდაცვის მინისტრის, ეკა ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანას რამდენიმე სცენარი ჰქონდა წინასწარ მოდელირებული, დღეს არსებული სურათი კი მოდელირებული სცენარებიდან ყველაზე მსუბუქ და საუკეთესო სცენარს მიესადაგება.
მისი თქმით, საქართველოში ვირუსის გავრცელების კოეფიციენტი 1%-ზე დაბალია, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა, რადგან ვითარება შესაძლოა ერთ დღეში შეიცვალოს, რაც არაერთი სხვა ქვეყნის მაგალითზე გამოჩნდა.
„გვქონდა რამდენიმე სცენარის განხილვის საშუალება. ამ სცენარების განხილვით სტრატეგიულად ვგეგმავდით, რა ღონისძიებები იყო საჭირო და რა პერიოდში, რომ გვემართა ვირუსი.
წინასწარ განხილული სამი სცენარიდან ჩვენ ვართ ყველაზე მსუბუქ და საუკეთესო სცენართან, რომელიც რეალურად მიზანი იყო. დღევანდელი სცენარი გვაძლევს საშუალება, რომ შევაჯეროთ განხორციელებული ღონისძიებების ხარისხი და ეფექტურობა. ასევე, შევძლოთ, დავსახოთ გეგმები, რა ღონისძიებები იქნება საჭირო, რომ კოვიდინფექციის პიკური პერიოდი საქართველოში არ განვითარდეს. ეს დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე და ჩვენ მოქალაქეებზე, რადგან მაჩვენებელი ყოველდღე შეიძლება შეიცვალოს.
ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით ვირუსის გავრცელებას. ამ ეტაპზე გავრცელების კოეფიციენტი 1%-ზე დაბალია. რითაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში მკვეთრი ცვლილებების მოლოდინი არ გვაქვს. თუმცა არის გარკვეული გარემოებები, რის გამოც ვართ მზადყოფნაში, რომ მაისის შუა რიცხვებში იყოს ზრდა. მობილიზებულია სრულიად ჰოსპიტლური სექტორი.
მაგრამ ამავდროულად ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეს რიცხვი არ იქნება ისეთი დიდი, როგორი მოლოდინიც გვქონდა აპრილის ბოლოსთვის. აპრილის ბოლოსთვის ვსაუბრობდით რამდენიმე ასეულის დაინფიცირებაზე ერთ დღეში. ვფიქრობთ, რომ მონაცემები დარჩება ათეულობის ფარგლებში“, – განაცხადა ეკა ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.