ქუთაისის 124-ე უბანზე წინასწარ შევსებული და ხელმოწერილი მერის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი ვრცელდება. ამის შესახებ ისაუბრა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემაც.
შემაჯამებელ ოქმში, რომელიც ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ დგება, უკვე აღნიშნულია მისული ამომრჩევლის რაოდენობა, ასევე საარჩევნო კომისიის წევრების ხელმოწერებიც.
„წინასწარ ოქმის შედგენა არის მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევა, აღნიშნული პროცედურა უნდა მოხდეს ხმების დათვლის შემდგომ, რაც დეტალურადაა აღწერილი საარჩევნო კოდექსის 71-ე მუხლის 1 ნაწილში“, – მითითებულია სამოქალაქო საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე, რომელზეც გამოქვეყნდა ოქმის ფოტო.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა ქუთაისის 124-ე უბნის კომისიის მდივანს, რომელმაც არ უარყო ამ ოქმის არსებობა, უბრალოდ თქვა, რომ მხოლოდ ის ნაწილია შევსებული, რისი შევსებაც წინასწარ შეიძლება. მან გაგვითიშა ტელეფონი და დანარჩენ შეკითხვებს არ უპასუხა. ასევე არ პასუხობს „პუბლიკის“ ზარს კომისიის თავმჯდომარე.
ცოტა ხნის წინ ამ დრაღვევის შესახებ კომენტარი გააკეთეს ცესკოსშიც, სადაც ამბობენ, რომ ოქმი განადგურდება და კომისიას გადაეცემა ახალი შემაჯამებელი ოქმის ნიმუში.