თავდაცვის სამინისტრო ბოლნისში სამხედრო სუ 25 ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდნასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მათი ცნობით, ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი. უწყების განცხადებით, დაღუპული მფრინავის ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში.
„თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე, შესაბამისი სამსახურების მიერ საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე ჰექტარ ფართობზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი.
ტრაგიკული ინციდენტის სრულყოფილი შესწავლის მიზნით, შესაბამისი სამსახურების მიერ ყველა საჭირო პროცედურა ტარდება. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი. დაღუპული მფრინავის ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში”, – ნათქვამია განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია 401-ე მუხლით, რაც სამხედრო-საჰაერო ხომალდის ფრენისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს – გენერალური პროკურატურის საპროცესო ზედამხედველობით, გამოძიებას აწარმოებს სამხედრო პოლიცია.
„წინასწარი მოკვლევით, საფრენი აპარატი გაფრენამდე სრულად იყო შემოწმებული ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად. ასევე ჩატარებული იყო წინასაფრენოსნო მომზადება და დაცული იყო რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა პროცედურა”.
ბოლნისში სამხედრო სუ 25 ტიპის თვითმფრინავი გუშინ, 3 ივლისს ჩამოვარდა – დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი.