წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური იქნება მცხეთის მაჟორიტარულ ოლქშიც - თამარ ჟვანია

პუბლიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის თამარ ჟვანიას განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება. მეორე ტურის გამართვას ქსნის ციხეში ხმების მაჟორიტარული ნაწილის გაუქმება იწვევს.

„სულ ახლახანს მცხეთაში დასრულდა საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომა. სადაც, მიუხედავად იმისა, რომ იყო საჩივრები, მაგრამ არასწორად შეტანილი და ისინი განუხილველად დარჩა, ამ შემთხვევაში ქსნის ციხის შედეგებს ეხება საკითხი, საოლქო საარჩევნო კომისიამ თავისი ინიციატივით შეისწავლა საკითხი, გადაამოწმა შედეგები და მონაცემები და დღეს ზუსტად რამდენიმე წუთის წინ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამ ციხეში მაჟორიტარული ნაწილის შედეგები გაუქმდა, რაც ფაქტობრივად იწვევს წინასწარი მონცემებით ისეთ სურათს, რომ შესაძლებელია, მეორე ტური ასევე გაიმართოს მცხეთის იმ კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქში, რომელსაც მცხეთის საარჩევნო ადმინისტრაცია კურირებს“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

გადაცემის წამყვანის შეკითხვის პასუხად, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მეორე ტური იქნება 30-დან უკვე მე-17 ოლქშიც, ჟვანიამ განაცხადა, რომ „წინასწარი მონაცემებით ასე იკვეთება“.

„იქ არასწორად იყო ბიულეტენები გადაცემული, რადგან რეგისტრაციის მიხედვით არ ეკუთნოდათ სპეცსიაში მყოფ ამომრჩევლებს და ყველა მაჟორიტარული შედეგი ამ უბანში, რომელიც იყო დაახლოებით 600-მდე ხმა, გააბათილა საოლქო საარჩევნო კომისიამ. რის შედეგადაც შესაძლოა, გაიმართოს მეორე ტური. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

მე-11 მაჟორიტარულ ოლქში [მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში] „ქართული ოცნების“ კანდიდატმა შალვა კერესელიძემ ხმების 50.22% მიიღო და ამ დრომდე გამარჯვება პირველივე ტურში მოპოვებული ჰქონდა. მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში კი „ქართული ოცნების“ კანდიდატი „ენმ – „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატს ცეზარ ჩოჩელს დაუპირისპირდება, რომელსაც, ცესკოს მიხედვით, პირველ ტურში ხმების 33.37% ჰქონდა მიღებული.