„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათ წინასწარი მონაცემებით 76 მანდატი უკვე მოპოვებული აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობის მოპოვება პირველივე ტურში მოახერხა.
ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფიგნზე წარმოადგინა ცხრილი, რომელზეც მისი თქმით, მანდატები განაწილებულია კანონმდებლობით დადგენილი ფორმულის მიხედვით, რომელიც ჯამურად მიღებულ ხმებთან ერთად, საარჩევნო ბარიერსა და გაუნაწილებელ მანდატებს ითვალისწინებს.
„ამ ფორმულის შესაბამისად, პროპორციული სისტემით და იმ მონაცემებით, რაც არის ცესკოს საიტზე განთავსებული – ეს არის 3 000-ზე მეტი უბნის მონაცემები, რაც, სავარაუდოდ, არსებითად აღარ შეიცვლება. ამ მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული წესით მიღებული აქვს 62 მანდატი.
გარდა ამისა, დათვლილია მაჟორიტარობის კანდიდატების მონაცემებიც, დათვლა გრძელდება, მაგრამ შეიძლება უკვე ითქვას, რომ მინიმუმ 14 კანდიდატს უკვე მყარად აქვს მოგებული მაჟორიტარული არჩევნები. ამასთან, არის შემთხვევები, სადაც გარანტირებულია მეორე ტური, მაგრამ არის ისეთი შემთხვევები, სადაც შესაძლოა არჩევნების პირველ ტურში დასრულებაც.
აქედან გამომდინარე, მარტივი არითმეტიკით შეგვიძლია დავადგინოთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ზუსტად 76 მანდატი უკვე აქვს გარანტირებული იმ მონაცემებით, რომელიც არის წარმოდგენილი. ხოლო 76 მანდატი ნიშნავს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირველივე ტურში მოიპოვა დამაჯერებელი, აბსოლუტური უმრავლესობა პარლამენტში და ერთპარტიულად ჩამოაყალიბებს მთავრობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნება“ 48%-ზე მეტი ხმა მიიღო, მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობა – „ძალა ერთობაშია“, რომელსაც დაახლოებით ხმების 26.5% აქვს მიღებული. ამ დროისთვის 3847 უბნიდან 3150-ია დათვლილი.
წინასწარი მონაცემებით, თბილისის ყველა ოლქში მაჟორიტარულ არჩევნებში მეორე ტური გაიმართება. ასევე, სავარაუდოდ, მეორე ტური იქნება ბათუმის, ქუთაისისა და ზუგდიდის საარჩევნო ოლქებშიც.