„წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი" - ამერიკის საელჩო მიესალმება შრომის კანონმდებლობაში ცვლილებებს

პუბლიკა

ამერიკის საელჩო საქართველოში ეხმაურება პარლამენტის მიერ შრომის კანონმდებლობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას.

საელჩოს განცხადებით, მიესალმებიან პარლამენტის მიერ მშრომელთა უფლებების დასაცავად შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის კანონპროექტის მიღებას.

„დამსაქმებლების მიერ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვას არსებითი მნიშვნელობა აქვს ინკლუზიური ზრდის, ეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებისა და უკეთესი საინვესტიციო კლიმატის შექმნისთვის.

პირველად ქართველ დასაქმებულებს გარანტირებული ექნებათ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, სამსახურიდან გათავისუფლების სარგებელი და დეკრეტული შვებულება მამაკაცებისთვის. შრომის ინსპექციას ენიჭება უფლება, გამოუცხადებლად ჩაატაროს ინსპექცია ყველა სექტორში. ეს კანონი საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებისა და სავაჭრო ურთიერთობების განმტკიცების გზაზე წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ამერიკის საელჩო ყურადღებით დააკვირდება ამ ცვლილებების განხორციელებას, შრომის ინსპექტირების გაფართოებული მანდატის ჩათვლით, რაც მშრომელთა სამართლიანი მოპყრობის უზრუნველყოფისთვის გადამწყვეტი იქნება”, – წერს ამერიკის საელჩო facebook-ზე.


პარლამენტმა შრომის რეფორმის კანონი მიიღო. დღეს პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით განიხილეს.

შრომის ინსპექციის შესახებ კანონპროექტის მომხრე 85 დეპუტატი იყო, წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია. შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს კი 82 მომხრე ჰყავდა. საბოლოო ჯამში, პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტი ბოლო, მესამე მოსმენით მიიღო.


საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს ცვლილებებს შრომის კოდექსში, და ასევე, იქმნება კანონი შრომის ინსპექციის შესახებ.