„წინსვლის საუკეთესო გზაა, გადასცე ჩირაღდანი ახალ თაობას" | რა თქვა ბაიდენმა მიმართვაში

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 ივლისის საღამოს თეთრი სახლიდან პირდაპირ ეთერში ჩაერთო და არჩევნებიდან საპრეზიდენტო კანდიდატურის მოხსნის შემდეგ პირველად მიმართა მოსახლეობას.

„მე პატივს ვცემ ამ თანამდებობას, თუმცა უფრო მეტად ჩემი ქვეყანა მიყვარს”, – განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, დემოკრატია საფრთხის წინაშეა, ეს ღირებულება კი ნებისმიერ წოდებაზე უფრო მნიშვნელოვანია. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ერის გაერთიანებისთვის საუკეთესო გზა არის ესტაფეტის გადაცემა ახალი თაობისთვის.

„ჩემი ცხოვრების პატივი იყო თქვენს პრეზიდენტად ყოფნა. მაგრამ დემოკრატიის დაცვაში, ვფიქრობ, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ტიტული. მაძლიერებს და ჩემთვის დიდი სიამოვნებაა ამერიკელი ხალხისთვის მუშაობა. მაგრამ ჩვენი კავშირის სრულყოფის ეს წმინდა ამოცანა არ არის მხოლოდ ჩემზე დამოკიდებული, ეს გეხებათ თქვენ, თქვენს ოჯახებს, თქვენს მომავალს. ეს ჩვენზეა, ხალხზე. და ჩვენ ამას ვერასდროს დავივიწყებთ.

ბოლო კვირებში ეს ჩემთვის ნათელი გახდა. უნდა გავაერთიანო ჩემი პარტია ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან საქმეში. მჯერა, რომ პრეზიდენტის თანამდებობა, ჩემი ლიდერობა მსოფლიოში, ჩემი ხედვა ამერიკის მომავლის შესახებ – ეს ყველაფერი მეორე ვადით არჩევას იმსახურებდა. მაგრამ არაფერი, არაფერი შეიძლება დადგეს ჩვენი დემოკრატიის გადარჩენის გზაზე, მათ შორის, ვერც პირადი ამბიციები.

შესაბამისად, გადავწყვიტე, რომ წინსვლის საუკეთესო გზაა, გადასცე ჩირაღდანი ახალ თაობას. ჩვენი ერის გაერთიანების საუკეთესო გზა ეს არის. არის დრო და ადგილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მრავალწლიანი გამოცდილებისთვის. ასევე, არის დრო და ადგილი ახალი თაობისთვის, ახალი ხმებისთვის, დიახ, ახალგაზრდა ხმებისთვის. და ეს დრო და ადგილი ახლაა. ეს საუკეთესო გზაა ჩვენი ერის გაერთიანებისთვის“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„დიდებული რამ ამერიკის შესახებ ისაა, რომ აქ მეფეები და დიქტატორები არ მართავენ. ხალხი მართავს. ისტორია თქვენს ხელშია. ძალაუფლება თქვენს ხელშია. ამერიკის იდეა თქვენს ხელშია“, – განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

მისივე თქმით, არ აპირებს თანამდებობის დატოვებას და მომდევნო ექვსი თვის მანძილზე გააგრძელებს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.

„მომდევნო ექვსი თვე ორიენტირებული ვიქნები ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებაზე. ეს ნიშნავს, რომ მე გავაგრძელებ შრომისმოყვარე ოჯახებისთვის ხარჯების შემცირებას, ჩვენი ეკონომიკის გაზრდას. გავაგრძელებ ჩვენი პირადი თავისუფლებებისა და ჩვენი სამოქალაქო უფლებების დაცვას, ხმის მიცემის უფლებიდან არჩევანის უფლებამდე.

გავაგრძელებ მოწოდებას, რომ ამერიკაში პოლიტიკური ან რაიმე სხვა სახის ძალადობისთვის ადგილი არ არის. ვაპირებ, გავაგრძელო მუშაობა ღაზაში ომის დასასრულებლად. დავაბრუნოთ სახლში ყველა მძევალი და დავამყაროთ მშვიდობა და უსაფრთხოება ახლო აღმოსავლეთში და დავასრულოთ ეს ომი. ჩვენ გავაგრძელებთ ამაყი ქვეყნების კოალიციის შეკრებას, რათა შევაჩეროთ პუტინი და არ ჩავაგდებინოთ ხელში უკრაინა. ჩვენ შევინარჩუნებთ ნატო-ს უფრო ძლიერს, უფრო ძლიერს და უფრო გაერთიანებულს, ვიდრე ოდესმე ყოფილა ჩვენს ისტორიაში”, – თქვა ბაიდენმა.

ერისადმი მიმართვისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა იმ გარემოებებზე, რაც ქვეყანამ მისი პრეზიდენტობის დროს გამოიარა: კორონავირუსზე, ეკონომიკურ კრიზისზე, შიდა დაძაბულობასა და უკრაინაში მიმდინარე ომზე.

პრეზიდენტმა ბაიდენმა, ასევე ისაუბრა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის შესახებ, რომელსაც დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატატ წარდგენისთვის მხარი მალევე დაუჭირა მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ პრეზიდენტობის მეორე ვადისთვის აღარ იბრძოლებდა.

„რამდენიმე თვეში ამერიკელი ხალხი აშშ-ის მომავლის კურსს აირჩევს. მე გავაკეთე არჩევანი. მე გაგაცანით ჩემი შეხედულებები. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს არაჩვეულებრივ ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს. ის გამოცდილია. ის ძლიერია. მას შეუძლია. ის იყო ჩემთვის წარმოუდგენელი პარტნიორი და ჩვენი ქვეყნის ლიდერი. ახლა არჩევანი თქვენზეა, ამერიკელ ხალხზე: თქვენ აკეთებთ ამ არჩევანს.

ჰარისმა სწრაფად გააძლიერა პარტიის მხარდაჭერა და ამ კვირის დასაწყისში გახდა დემოკრატიული პარტიის სავარაუდო კანდიდატი. ახლა ისტორია თქვენს ხელშია. ძალა თქვენს ხელშია. მოდით, ვიმოქმედოთ ერთად ჩვენი დემოკრატიის შესანარჩუნებლად. აქ მეფეები არ მართავენ. აქ ხალხი მართავს. ჩემს გულსა და სულს ვაძლევ ჩემს ერს. იმედი მაქვს, თქვენ გაქვთ წარმოდგენა, თუ რამდენად მადლობელი ვარ ყველა თქვენგანის“, – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენი ამბობს, რომ ამერიკელ ხალხს მოუწევს, არჩევანი გააკეთოს წინსვლასა და უკუსვლას შორის. მისი თქმით, ახლა არის მომენტი, როცა გადაწყვეტილებები განსაზღვრავს არა მხოლოდ შეერთებული შტატების, არამედ ასევე მთელი მსოფლიოს მომავალ ათწლეულებს.

„მე ნათლად განვაცხადე, რომ მჯერა ამერიკა გადახრის წერტილშია. ეს ისტორიის ერთ-ერთი იშვიათი მომენტია, როდესაც გადაწყვეტილებები, რომლებსაც ახლა ვიღებთ, ჩვენი ერისა და მსოფლიოს ბედს, მომავალი ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავს. ამერიკას მოუწევს გააკეთოს არჩევანი, განაგრძოს წინ სიარული თუ უკან წავიდეს, მოუწევს გააკეთოს არჩევანი იმედსა და სიძულვილს შორის, ერთიანობასა და განხეთქილებას შორის. ჩვენ უნდა გადავწყვითოთ, გვჯერა თუ არა პატიოსნების, წესიერების, პატივისცემის, თავისუფლების, სამართლიანობისა და დემოკრატიის”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

„ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატები ვართ, არ არსებობს სრულიად არაფერი, ჩვენი შესაძლებლობების მიღმა, როცა ამას ერთად ვაკეთებთ. ასე რომ, ვიმოქმედოთ ერთად. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ჯარები“, – ამ სიტყვებით დაასრულა ერისადმი მიმართვა, პრეზიდენტმა ბაიდენმა.


ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატურა 21 ივლისს მოხსნა. იმავე დღესვე ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს მხარი ოფიციალურად დაუჭირა და პარტიას შესთავაზა, რომ სწორედ ჰარისი იყოს მათი საპრეზიდენტო კანდიდატი.