წიქარიძე: ნეანდერტალელის კბილი - ეს საზოგადოებრივი მხარდაჭერის დამსახურებაა

პუბლიკა

ილიაუნის მკვლევრებმა  ილიაუნის ასისტენტ-პროფესორის, ნიკოლოზ წიქარიძის ხელმძღვანელობით ცუცხვათის მღვიმეში ნეანდერტალელის მეორე კბილი აღმოაჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ ილიას უნივერსიტეტმა 12 ნოემბერს გაავრცელა.

კერძოდ, მკვლევრებმა იმერეთში, სოფელ ცუცხვათის მღვიმურ კომპლექსში ჩატარებული ექსპედიციის დროს აღმოაჩინეს ანატომიურად თანამედროვე ადამიანის უკანასკნელი მონათესავე სახეობის, ნეანდერტალელის  მეორე კბილი, რომელიც დაახლოებით 50 000 წლით თარიღდება.

ახალი აღმოჩენების მიხედვით ნეანდერტალელთა მიერ ცუცხვათის მღვიმური კომპლექსის ათვისების პერიოდი 90 000 წლის წინანდელი პერიოდით თარიღდება.

სპეციალისტებმა გამოავლინეს ნეანდერტალელთა მიერ ცეცხლის ინტენსიურად გამოყენების მტკიცებულებები. აქვე არის აღმოჩენილი დაახლ. 6000 წლის წინანდელი ქალკოლითის პერიოდის უძრავი ფენები და ადრეული შუა საუკუნეების უნიკალური სამარხი სხვადასხვა ინვენტარით.

ნიკოლოზ წიქარიძე წერს, რომ ცუცხვათის ექსპედიციის არქეოლოგიური გათხრების ძირითადი ეტაპი წარმატებულად დასრულდა.

მისი თქმით, ეს საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და შემოწირულებების დიდი დამსახურებაა.

„ასე იქცა ჩვენი ექსპედიცია სახალხო საქმედ. ასეც უნდა ზრუნავდეს განვითარებული საზოგადოება კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარებაზე.თქვენი მხარდაჭერით შეგროვდა 8676 ლარი, რაც სრულად იქნა ათვისებული ექსპედიციის საჭიროებებისთვის. თანხები დაიხარჯა საველე აღჭურვილობასა და პრინტერში, ნაწილობრივ დაიფარა საწვავის, საცხოვრებლისა და საკვების ხარჯები“, – ამბობს ნიკოლოზ წიქარიძე.

მისივე თქმით, ექსპედიცია წარიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ლუის ლიკის სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით – ილიას უნივერსიტეტმა დააფინანსა ძეგლის სივრცული კვლევა და ახალი არქეოლოგიური არეალების გახსნა.

წიქარიძე ასევე ამბობს, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმი ისევ ჩაერთო ცუცხვათის მღვიმური კომპლექსის კვლევის პროცესში.

„თუმცა, არ ვივიწყებთ, რომ ეროვნულ მუზეუმში ჩანერგილმა ზონდერებმა უდიდესი ზიანი მიაყენეს ჩვენს გუნდს, კულტურულ მემკვიდრეობასა და მეცნიერებას. იმედი გვაქვს ეროვნული მუზეუმი აღარასდროს ჩავარდება არაკომპეტენტური და უმეცარი ადამიანების ხელში.

ის რომ ჩვენ წინააღმდეგ თავის დროზე აგორებული ბინძური კამპანია და მასში ჩართული ბინძური ადამიანები დამარცხდნენ, ამტკიცებს ჩვენ მიერ მოგებული სასამართლოები, შრომის ინსპექციისა და ომბუდსმენის გადაწყვეტილებები. თავი რომ დავანებოთ ჩვენს სამეცნიერო წარმატებას“, – ამბობს ნიკოლოზ წიქარიძე.