პრეზიდენტის ყოფილი კომისია: წიქარიშვილის დანიშვნის გაუქმებით სასამართლო უხეშად არღვევს კონსტიტუციას

პუბლიკა

იმ კომისიის ყოფილი წევრები, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის შესარჩევად შეკრიბა, საბჭოში კახა წიქარიშვილის დანიშვნაზე პრეზიდენტის განკარგულების შეჩერებას ეხმაურებიან.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატის შესარჩევმა კომისიამ, ღია კონკურსის, კანდიდატების მხრიდან წარმოდგენილი ვრცელი დოკუმენტაციისა და საჯაროდ წარმართული გასაუბრებების საფუძველზე, მიმდინარე წლის 13 ივლისს განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშვნის მიზნით რეკომენდაცია გაუწია გიორგი ბურჯანაძის და კახა წიქარიშვილის კანდიდატურებს. პრეზიდენტმა 15 ივლისის განკარგულებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილი დანიშნა.

მიმდინარე წლის 22 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთმა კონკურსანტმა პრეზიდენტის აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა და მოითხოვა პრეზიდენტის 15 ივლისის განკარგულების ბათილად ცნობა კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ. სარჩელში ასევე მოთხოვნილია, რომ საქართველოს პრეზიდენტს დაევალოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნოს მოსარჩელე მ. კ. მოსარჩელემ აგრეთვე იშუამდგომლა, სამართალწარმოების დასრულებამდე შეუჩერდეს პრეზიდენტის განკარგულებას მოქმედება და ამავდროულად, აეკრძალოს პრეზიდენტს ახალი კონკურსის გამოცხადება ამ საკითხზე.

მოსამართლე ლიელა ფოლადაშვილმა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დააკმაყოფილა და პრეზიდენტის განკარგულების მოქმედება შეაჩერა სამართალწარმოების დასრულებამდე, აგრეთვე იმავე ვადით აუკრძალა პრეზიდენტს იგივე საკითხზე ახალი კონკურსის ჩატარება და საბჭოს სხვა ახალი წევრის ნებისმიერი ფორმით დანიშვნა.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, კომისიამ მუშაობა დაასრულა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტს წარუდგინა რეკომენდაციები კონკრეტული კანდიდატების თაობაზე. თუმცა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საზოგადოებას მივაწოდოთ ჩვენი, როგორც კომისიის ყოფილი წევრები,ს მოსაზრება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდინარე წლის 22 ივლისის განჩინებასთან დაკავშირებით.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსამართლე ლეილა ფოლადაშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და შეიჭრა კონსტიტუციის 52-ე მუხლით გარანტირებულ საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში, დამოუკიდებლად შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი არამოსამართლე წევრი. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ აგრეთვე უგულებელყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (მე-3 მუხლი) დენაწესი, რომელიც არ ავრცელებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედებას საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობაზე.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ ემსახურება კანონის უზენაესობისა და საჯარო ინტერესებს და ამ გზით, სასამართლო ცდილობს, უხეშად ჩაერიოს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს, საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში. აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით სახიფათოა იმ ფონზე, რომ ამ გზით, სასამართლომ ფაქტობრივად თვითნებურად აღიჭურვა თავი, გააკონტროლოს, თუ ვინ შეიძლება დანიშნოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად და ვინ – არა.

ნიშანდობლივია ისიც, რომ მოსამართლემ იმავე განჩინებით, საქმის განსახილველად განსაზღვრული ზოგადი 2 თვიანი ვადა 5 თვემდე გაზარდა, რაც კიდევ უფრო ახანგრძლივებს აღნიშნული გადაწყვეტილების ეფექტს და აჩენს პრეზიდენტის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს პარალიზების რისკებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება არის სახიფათო და დამაზიანებელი პრეცედენტი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და რომლითაც არსებითად ზიანდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულება და ღიაობა. აღნიშნული გადაწყვეტილებით ზიანი ადგება არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტს და მის ეფექტიანობას, არამედ ამით მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ისედაც დეფიციტური ნდობა კიდევ უფრო მცირდება.

კომისიის ყოფილი წევრები:

გურამ იმნაძე

ქეთევან ერემაძე

ბესიკ ლოლაძე

ნონა ქურდოვანიძე

თამარ ლალიაშვილი

გიორგი დავითური

ზურაბ ვარდიაშვილი