„წისქვილკომბინატები იხურება“ - სფეროს წარმომადგენლები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

პუბლიკა

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა აცხადებს, რომ სფეროს წარმომადგენლები პრემიერთან და ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრას ითხოვენ.

როგორც სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა დიდი წისქვილკომპინატები იხურება და  თანამშრომლებს სამსახურებიდან უშვებენ.

მისი თქმით, თუკი წინა წელს დაახლოებით ათამდე საშუალო და მცირე კომბინატი დაიხურა, წელს უკვე დიდი კომბინატების დახურვის ტენდენციაა, რაც მისი განმარტებით „სერიოზულად აისახება ბაზარზე“.

სილაგავამ ისაუბრა იმ ძირითად მიზეზებზე, რომელმაც აღნიშნული პრობლემა გამოიწვია.

„ჯერ კიდევ ივლისის თვეში, როდესაც სეზონის დასაწყისი იყო ხორბლის დარგში, იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში ხორბლის ფასი იყო მაღალი, მსოფლიოში პირველმა ექსპორტიორმა – რუსეთმა შემოიღო, ე.წ. „მცურავი ბაჟი“, მცურავი ბაჟის არსი იყო ის, რომ დაეცვა თავისი ბალანსი რუსეთში და შესაბამისად არ გაეტანა ხორბლის გარკვეული რაოდენობა გარეთ. ამ „მცურავი ბაჟის“ მოქმედების შედეგად ჩვენთვის  მოხდა ისე, რომ ძველად არსებული საიმპორტო გადასახადი რომელიც იყო ნულის ტოლი ხორბალზე და ნულის ტოლი ფქვილზე, შეიცვალა და ხორბლის გადასახადი დღეს არის 98 დოლარი ერთი ტონა ხორბლის შემოტანაზე, მაშინ, როდესაც ფქვილზე გადასახადი იგივე დარჩა – ნული.

შესაბამისად ამ დისბალანსმა გამოიწვია ის, რომ ფაქტობრივად ზაფხულიდან დაიძრა მთლიანობაში ფქვილის „აგრესული იმპორტი“ საქართველოში და თუ ჯერ კიდევ ჩვეულებრივ პერიოდში, როდესაც ნულოვანი გადასახადი იყო ორივე პროდუქციაზე (ბალანსი იყო 10 ტონა ფქვილი შემოდიოდა დაახლოებით და 60 ტონა ხორბალი შემოდიოდა თვეში), დღეს ბალანსი მკვეთრად შეცვლილია და მივედით იქამდე, რომ იანვრის თვეში შემოვიდა უკვე 7 ათას ტონამდე ფქვილი და 6 ათას ტონამდე ხორბალი, რამაც ძალიან სერიოზულად გადაალაგა ბაზარი და აზრი დაკარგა ხორბლის შემოტანამ საქართველოში. „მცურავი ბაჟის“ შედეგად გამოიწვია, რომ წისქვილკომბინატებმა დაიწყეს დახურვა და რიგმა კომბინატებმა თვითონ დაიწყეს ფქვილის შემოტანა“, – განმარტავს სილაგავა.

დღევანდელი მთავრობის სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე სფეროს წარმომადგენელთა მოთხოვნას გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა:

„ჩემი ინფორმაციით, სოფლის მეურნების სამინისტრო მუშაობს ამაზე და შესთავაზებს მათ შეხვედრას, ჩვენც რასაკვირველია ჩავერთვებით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ბიზნესი კარგად გრძნობდეს თავს, არ ჰქონდეს პრობლემები და ამაზე ვიმუშავებთ ერთობლივად, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ სენსიტიურ სფეროში, როგორიც არის ხორბალი და ფქვილი, პურს რაც შეეხება, ყველაფერი გაკეთდეს ისე, რომ ფასების გაძვირება არ მოხდეს, ამ ორ მოცემულობას შორის სწრი ბალანსი როგორ უნდა მოვნახოთ , ამაზე ერთობლივად ვიმუშავებთ“,- განაცხადა თურნავამ.