Wissol ამბობს, რომ რეკლამიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრები კონტრაქტის შესაბამისად ამოიღეს

პუბლიკა

Wissol-ის რეკლამის სატელევიზიო ვერსიიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრები ამოჭრილია.

კომპანიის „ფეისბუქზე” განთავსებულ ვერსიაში კვლავაც ჩანს ანდრო ჭიჭინაძე, თუმცა, სატელევიზიო რეკლამებში მსახიობი არ ჩანს.

Wissol ამბობს, რომ ჭიჭინაძის კადრის გამოყენების ნებართვა 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით ჰქონდათ. კომპანიის განცხადებით:

„მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მონაწილეობდა “ვისოლის” ლოიალობის აპლიკაციის სარეკლამო კლიპში. რეკლამა სატელევიზიო ეთერში აპლიკაციის შემახსენებელი კომუნიკაციის ფარგლებში განმეორებით გავიდა 2024 წლის სექტემბრიდან, რაზეც მსახიობთან დავდეთ დამატებითი კონტრაქტი. ახალი შეთანხმების საფუძველზე მისი მონაწილეობით კადრის გამოყენების ნებართვა კომპანიას ჰქონდა 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით.

შესაბამისად, კომპანიამ მხოლოდ და მხოლოდ დაიცვა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი კადრის ამოჭრა შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან არის რაიმე სახით დაკავშირებული, არის სრული აბსურდი, მტკნარი სიცრუე და დეზინფორმაცია. აქვე ვაცხადებთ, რომ ჩვენი კომპანია მომავალშიც, ნებისმიერ დროს, სიამოვნებით ითანამშრომლებს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესთან”.

განახლება:

ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ „ფეისბუქზე” დაწერა:

„მირეკავენ „ვისოლიდან” და უარს ვამბობ ყველანაირ გასაუბრებაზე მათთან! როგორმე უნდათ, თავი იმართლონ! სამარცხვინოები!”

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს საპროტესტო აქციების ფარგლებში დააკავეს. 7 დეკემბერს მას პატიმრობა შეუფარდეს.

ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.