Wissol: შექმნილი სენსიტიური მდგომარეობის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ კლიპის შემოკლებული ვერსია მოიხსნას სატელევიზიო ეთერიდან

პუბლიკა

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი, ვასილ ხორავა Wissol-ის რეკლამის სატელევიზიო ვერსიიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრების ამოჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „შექმნილი სენსიტიური მდგომარეობის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ კლიპის შემოკლებული ვერსია მოიხსნას სატელევიზიო ეთერიდან”.

ასევე, ვისოლის გენერალური დირექტორი „დეზინფორმაციას
და „სრულიად უსაფუძვლო ბრალდებას” უწოდებს ინფორმაციას, რომ მსახიობის მონაწილეობით კადრის ამოჭრა კლიპიდან პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ანდრო ჭიჭინაძის მონაწილეობით „ვისოლის“ სარეკლამო კლიპის სრული ვერსია, რომელმაც მწვავე დისკუსია გამოიწვია, დღემდე ხელმისაწვდომია კომპანიის სოციალურ ქსელებში.

შესაბამისად, ის, რომ თითქოს მსახიობის მონაწილეობით კადრის ამოჭრა კლიპიდან პოლიტიკური ნიშნით მოხდა, დეზინფორმაცია და სრულიად უსაფუძვლო ბრალდებაა.

შექმნილი სენსიტიური მდგომარეობის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ კლიპის შემოკლებული ვერსია მოიხსნას სატელევიზიო ეთერიდან. ჩვენ ასევე დავუკავშირდით მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ოჯახს და პირადად ავუხსენით შეთანხმების იურიდიული მხარე.

გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ანდრო ჭიჭინაძის მონაწილეობით სარეკლამო კლიპის სრული ვერსია სატელევიზიო ეთერში განმეორებით გადიოდა 2024 წლის სექტემბრიდან.

მსახიობთან განახლებული კონტრაქტის საფუძველზე, მისი მონაწილეობით კადრის გამოყენების ნებართვა სატელევიზიო ეთერში 2024 წლის ნოემბრის ბოლომდე გვქონდა.

შესაბამისად, დაკორექტირდა კლიპიც და ახალი ვერსია ტელევიზიებს გაეგზავნათ 2024 წლის 26 ნოემბერს, ხოლო დაკორექტირებული რგოლი ეთერში განთავსდა 1 დეკემბრიდან. მსახიობის დაკავება კი, როგორც მოგეხსენებათ, 5 დეკემბერს მოხდა.

ანდროსგან დასტურის შემთხვევაში, მზად ვართ გავასაჯაროოთ ხელშეკრულებაც.

იმედი გვაქვს, ანდრო მალე დაუბრუნდება ოჯახს, თავის პროფესიას და ჩვენც შევძლებთ მასთან სამომავლოდ თანამშრომლობას”, – ნათქვამია განცხადებაში.


4 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ვისოლის” სატელევიზიო რეკლამებში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის კადრი ამოჭრილია.

იმავე დღესვე „ვისოლმა” განაცხადა, რომ ჭიჭინაძის კადრის გამოყენების ნებართვა 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით ჰქონდათ.


მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს საპროტესტო აქციების ფარგლებში დააკავეს. 7 დეკემბერს მას პატიმრობა შეუფარდეს.

ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.