არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის“ („საბუკო“) განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მათ მიერ ახლახანს დარგოლილი ბექობის არწივის ბუდე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, გადამცემი ხაზების გამართვას შეეწირა.
„საბუდარი ადგილების დაკარგვა სახეობის პოპულაციის საგანგაშო კლების ერთ-ერთი მნიშნელოვანი მიზეზია. ბექობის არწივი კი წითელი ნუსხით დაცული სახეობაა. ის ყოველ ბუდობის სეზონზე გამრავლებისთვის ერთსა და იმავე ადგილს იყენებს, ამიტომ მოშლილი ბუდე სასწრაფოდ უნდა დაუბრუნდეს პირვანდელ ადგილს“, – ამბობს ორგანიზაცია.
„საბუკოს“ განცხადებით, წითელი ნუსხით დაცული სახეობის საბინადრო ტერიტორიის განადურება საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა. ორგანიზაციის თქმით, მათ უკვე მიმართეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, რომელმაც საქმის მოკვლევა დაიწყო.
ორგანიზაცია „საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის“ აღნიშნავს, რომ მოკვლევა ასევე დაწყებულია გასულ კვირას, მათ მიერ დარგოლილ კიდევ ერთ ბექობის არწივზე ბრაკონიერობის საქმეზეც.
„საბუკო“ მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ ორივე საქმე, კანონის შესაბამისად დააკისრონ პასუხისმგებლობა დამნაშავეებს, გააძლიერონ მონიტორინგი და უზრუნველყონ ბუდის დაუყოვნებლივი აღდგენა. საბუკო ამ პროცესს აქტიურად დააკვირდება და სიახლეებს შემდეგ პოსტებში შემოგთავაზებთ.