„წითელი ჯვარი“ საქართველოს 100 000 დოზა „სინოფარმს“ გადასცემს

პუბლიკა

დღეს ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძესა და ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის დახმარებით საქართველო დამატებით „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზას მიიღებს.

„დღევანდელი შეხვედრა შეეხებოდა სამომავლო თანამშრომლობის ძირითად სფეროებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინის მოზიდვის პროცესში წითელი ჯვრის დახმარებას. იგეგმება კონკრეტულად სინოფარმის ვაქცინის დონაცია წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის და ასევე ჩინეთის წითელი ჯვრის საშუალებით. რაც იქნება დიდი დახმარება ჩვენი ვაქცინაციის პროგრამისთვის.

დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, იმასთან დაკავშირებით თუ როდის იქნება ხელმისაწვდომი ის 100 000 დოზა, რასაც წითელი ჯვარი შემოგვთავაზებს“, – თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ამჟამად საქართველოს „სინოფარმის“ 100 000 დოზა აქვს შესყიდული, რომლითაც იმუნიზაცია 4 მაისიდან დაიწყო. „სინოფარმს“ გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო გამოყენების ნებართვა მისცა. ჯანმოს ექსპერტებმა შეაფასეს სხვადასხვა ქვეყნის კლინიკუური კვლევების მესამე ფაზის შედეგები, რომლის მიხედვითაც ვაქცინის ეფექტიანობა 78%-ზე მეტია.