წითლიძე ამბობს, რომ ის და მისი წარმომადგენელი დააკავეს - შსს არ ადასტურებს

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ის და მისი წარმომადგენელი დააკავეს.

„დაგვაკავეს მე და ჩემი წარმომადგენელი უბანზე იმის გამო, რომ არ დავუშვით კარუსელი. იყავით ფხიზლად უბნებზე და იბრძოლეთ! ყველაფერი იქნება მაგრად, მალე შემოგიერთდებით!“, – წერს ანა წითლიძე.

ანა წითლიძე რამდენიმე წუთის წინ „TV პირველის“ ეთერს ჩაერთო, სადაც განაცხადა, რომ ის და მისი წარმომადგენლები დააკავეს. როგორც პირდაპირი ეთერიდან ირკვევა, წითლიძე პოლიციის შენობაში შესვლამდე ერთვება ტელეკომპანიას.

„ჩემს ზურგს უკან არიან პოლიციელები, რომლებმაც მე დამაკავეს ჩვენს წარმომადგენლებთან ერთად. ჩვენ გვაკავებენ და მთელი დღის განმავლობაში პოლიცია იცით როგორ იდგა უბნებთან? უბნებთან იდგნენ „ძველი ბიჭები“, ეს ადამიანები იქ დგანან ოპოზიციის მხარდამჭერების დასაშინებლად.

მე რომ მაკავებდნენ, თუ არ ვცდები, „მთავარის“ ოპერატორს ხელი გაარტყეს. გარეთ დიდი მობილიზაციაა.

მე ახლა სანამ შევალ პოლიციის შენობაში, მინდა, მოვუწოდო კომისიის წევრებს, დამკვირვებლებს, ცოტა დარჩა საბოლოო გამარჯვებამდე და უნდა ვიდგეთ მტკიცედ“, – განაცხადა მან.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დეტალების გასარკვევად. უწყებაში წითლიძის დაკავების ფაქტი უარყვეს და გვითხრეს, რომ ინფორმაციას დააზუსტებენ.

რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ დაწერა, რომ ანა წითლიძე პარლამენტის წევრია და მოითხოვა, შეწყდეს უკანონობა მის მიმართ.