ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატები პოლიტიკური განცხადებებით გამოდიან.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძეც. მან ხელისუფლებას მიმართა, რომ მათთვის მოღალატეები იქნებოდნენ ივანე ჯავახიშვილი, ილია, აკაკი, გენერალი მაზნიაშვილი და გენერალი კვინიტაძე…
„ალბათ, თქვენი თავმჯდომარისთვის, ირაკლი კობახიძისთვის, მოღალატე იქნებოდა ივანე ჯავახიშვილი, მისი ისტორიული სიტყვის გამო, როცა მან ქართველ სტუდენტებს 1921 წელს მოუწოდა და უთხრა, რომ ქვეყნის ისტორიაში არის მომენტები, როდესაც იარაღით უნდა დაიცვა შენი სამშობლო, მოღალატე იქნებოდა თქვენთვის ილია ჭავჭავაძეც, რომელიც გვეუბნებოდა, რომ „რასა იქმს, ცარიელი მშვიდობა, ცარიელი მშვიდობა მიწაშიც მეყოფის”…
ან იქნებ მოღალატე იყო აკაკი წერეთელი, რომელიც რუსეთ-იაპნიის ომში იაპონიას გულშემატკივრობდა და საქართველოს თავისუფლებას სწორედ რუსეთის დამარცხებას უკავშირებდა. ან იქნებ გენერალი მაზნიაშვილი და გენერალი კვინიტაძე იყვნენ მოღალატეები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ საქარათველოს თავისუფლებას სჭირდება ბრძოლით მოპოვება“, – განაცხადა დეპუტატმა.