წითლიძემ შეიძლება ჯანმრთელობა დაიზიანოს და მოვუწოდე, რომ შიმშილობა შეწყვიტოს - პაპუაშვილი

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე მოინახულა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, უკვე მე-12 დღეა პარლამენტში შიმშილობს.

პაპუაშვილის თქმით, სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს და დეპუტატი შიმშილობით ამას ვერ მიაღწევს. თავად წითლიძემ კი შეიძლება ჯანმრთელობა დაიზიანოს და მოუწოდა, რომ შიმშილობა შეწყვიტოს.

„მოვინახულე ანა წითლიძე. ვესაუბრე და კიდევ ერთხელ მოვუწოდე, რომ შეეწყვიტა შიმშილობა. ის უკვე ისეთ მდგომარეობაშია, რომ შეიძლება შეუქცევადად დააზიანოს საკუთარი ჯანმრთელობა.

ექიმებსაც ვესაუბრე და ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა, იფიქროს საკუთარი ჯანმრთელობის არდაზიანებაზე, ვინაიდან საბოლოო ჯამში, ერთადერთი, რაც შეიძლება, ახლა მოხდეს, არის ის, რომ მისი ჯანმრთელობა გაუარესდეს.

რაც შეეხება მოთხოვნებს, ჩვენ ვხედავთ, რომ მიდის სასამართლო პროცესი, ჩართული არიან ადვოკატები. ვნახეთ, იყო პროცესი, სადაც ინტენსიურად გამოიკითხნენ ექსპერტები. 29-შია შემდეგი პროცესი ჩანიშნული. ამიტომ ეს საკითხი არის სრულად სასამართლოს გადასაწყვეტი. შიმშილობით, მოთხოვნით ასეთი საკითხები არ წყდება.

ერთადერთი, რაც შეუძლია, შიმშილობამ გამოიწვიოს, არის საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება. სხვა დეპუტატებმა, რომლებმაც შეწყვიტეს შიმშილობა, ფაქტობრივად, ბოლო მომენტში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეუქცევადად არ დაეზიანებინათ საკუთარი ჯანმრთელობა. ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, თანაგუნდელებმაც მას აქეთკენ მოუწოდონ და სთხოვონ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.


ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მოგვიანებით შიმშილობა დავით კირკიტაძემ, აბდულა ისმაილოვამა და თემურ ჯანაშიამ შეწყვიტეს. თუმცა ანა წითლიძე პროტესტს ჯერ კიდევ აგრძელებს.